ალექსანდრ მაკქუინის სუიციდი
2010 წლის 11 თებერვალს მოდის ინდუსტრია შეძრა სიახლემ, რომელიც ამ სფეროში შესაძლოა იყოს ათწლეულის ყველაზე მტკივნეული მომენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით, ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაინც ვერ ვიფიქრებდით, რომ მაკქუინის დასასრული ასეთი მოახლოებული იყო. გასულ 10 წელში რამდენიმე დიდებული დიზაინერი დავკარგეთ, მათ შორის: კარლ ლაგერფელდი, აზადინ ალაია და იუბერ დე ჟივანში, მაგრამ მაკქუინი მათზე 40 წლით ახალგაზრდა იყო. ლის მთელი ცხოვრება და კარიერა წინ ჰქონდა.
ინდუსტრიაში დასაქმებულმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ის მარტოსული იყო, იტანჯებოდა და ნარკოტიკებს მოიხმარდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედეს. „შეცდომა“, რომელიც მაკქუინთან დაუშვეს, გალიანოსთან გამოასწორეს.
ჯონ გალიანოს დაცემა – დიორის სკანდალი
შოკისმომგვრელი იყო ჯონ გალიანოს და დიორის თანამშრომლობის დასრულება. იდეალურ სამყაროში გალიანოს და დიორის შერწყმა ისეთივე მყარი და ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, როგორიც ლაგერფელდის და შანელის. დიორის 7 დიზაინერიდან არავის ერა არ ყოფილა იმდენად გასაოცარი, როგორიც გალიანოსი და ის უკეთეს დასასრულს იმსახურებდა, თუმცა ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა ბრიტანელი დიზაინერის კარიერა, რეპუტაცია და ლამის სიცოცხლეც შეიწირა.
დიორში ყველაფერი სცადეს, მაგრამ გალიანოს მდგომარეობა და საქციელები უარესდებოდა. მან დახმარების შესათავაზებლად მისულ ბერნარ არნოს ორჯერ ჰკრა ხელი და ავადმყოფი უწოდა. ანტისემიტურ განცხადებებს ბევრი სხვა შეუსაბამო ქცევაც დაემატა, რის შემდეგაც გალიანო დიორის ატელიედან პირდაპირ ფსიქიატრიულში მოხვდა.
ჯონისთვისაც თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაშინ ინდუსტრიაში გაახსენდათ, რომ ერთხელ უკვე დაკარგეს გენიალური დიზაინერი, იგივე არ უნდა მომხდარიყო. ანა ვინტური, ოსკარ დე ლა რენტა, დოლჩე და გაბანა, ქეით მოსი და სხვა გავლენიანი ადამიანები გალიანოს კრიზისის გადალახვაში ყოველდღიურად ეხმარებოდნენ. საბოლოოდ, ჯონი ფეხზე ხელახლა დადგა, თუმცა მისი დაცემა და დიორთან სკანდალური განშორება 2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულად მოსაგონებელი ისტორიაა.
ნიკოლა ჟესქიერის და ბალენსიაგას თანამშრომლობის შეწყვეტა
არსებობენ ნიჭიერი დიზაინერები, რომლებიც ბრწყინვალე კოლექციებს ქმნიან და არსებობენ ნიჭიერი დიზაინერები, რომელთა შემოქმედება მოდას ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს უხსნის.
ნიკოლა ჟესქიერის ბალენსიაგა 21-ე საუკუნის უკონკურენტო ბრენდი იყო. ბევრი კამათობს, რომ ბალენსიაგას ისტორიაში, ჟესქიერის ბალენსიაგას თავი უფრო ამაღელვებელია, ვიდრე თავად კრისტობალ ბალენსიაგასი.
2013 წელს ინდუსტრია შეძრა სიახლემ, რომელიც გავრცელდა. დიზაინერმა ბალენსიაგა დატოვა და სისტემთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბრენდის მფლობელებთან ძალიან რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელსაც ბრენდის მფლობელების მხრიდან დიზაინერის წინააღმდეგ სარჩელი მოჰყვა. გალიანოს დიორის მსგავსად, ნიკოლას ბალენსიაგას ერაც უკეთეს დასასრულს იმსახურებდა.
ლანვინიდან ალბერ ელბაზის გაგდება
დიორის და გალიანოს, ჟესქიერის და ბალენსიაგას განშორებით გამოწვეული ტკივილის გადალახვა ვერ მოვასწარით, როდესაც ლანვინში გადაწყვიტეს, რომ დიზაინერი, რომელმაც ლანვინი პრესტიჟულ ბრენდად ხელახლა შექმნა, შემოქმედებითი ნიჭის ნაკლებობას განიცდის, ამიტომ 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, სამსახურიდან უნდა გააგდონ.
“მას შემდეგ, რაც ლანვინი დავტოვე უდიდესი შრამი მაქვს. პირველი რამდენიმე თვე, პარიზის ქუჩებში დავდიოდი, წვიმდა. არასოდეს ვიცოდი მართლა წვიმდა, თუ ჩემი ცრემლები იყო. თუ ოდესმე საინტერესო სამსახურს ვიშოვი, რომელიც გაღვიძებას მომანდომებს, პარასკევობით შევასწავლი და კვირაში ერთ დღეს საავადმყოფოში ვიმუშავებ. ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ლანვინზე ფიქრი არ მსურს. ხალხი თვლის, რომ მოდა ერთი დიდი წვეულებაა, რომელიც არასოდეს სრულდება. წვეულობა არის, მაგრამ სრულდება. ცხოვრების ციკლი არაერთგვაროვანია. აქ პირადი მანქანის, მდივნის და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის გარეშე მოვედი. არის რაღაც ძალიან ექსტრაორდინალური თავისუფლებაში” – ალბერ ელბაზი.
მოდის საყვარელი დიზაინერი სანაგვეზე მოისროლეს. ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც პრესა, ინსაიდერები, მყიდველები, თუ ფანები ლანვინის მფლობელებს ადვილად ვაპატიებდით. გასულ 5 წელში, ჩვენ ვუყურებდით როგორ იკლებდა გაყიდვები, კარგი შეფასებები და ბრენდის საერთაშორისო სტატუსი სეზონიდან სეზონზე. ვუყურებდით როგორ ცვლიდნენ დიზაინერებს სეზონიდან სეზონზე (4 წელში 4 დიზაინერი), თუმცა ამაოდ.
ბრენდი გაკოტრდა.
ლანვინის გაკოტრებით მოდის ინდუსტრიამ ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ გასცა პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მოდა ბიზნესია, ეს სფერო შემოქმედებზე დგას. ბრენდების მფლობელებს ლანვინი ყოველთვის გაახსენდებათ, როდესაც გაიფიქრებენ, რომ ის დიზაინერი უნდა მოისროლონ სანაგვეზე, რომელმაც ბრწყინვალე კოლექციებით მათი ბიზნესი შექმნა.
მარიო ტესტინოს და პატრიკ დემარშელიეს მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები – გამოღვიძება #MeToo ერაში
მოდას ხშირად აღწერენ, როგორც მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ანარეკლს. მოდის ამგვარი დახასიათება ყველაზე ახლოს არის რეალობასთან. 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც ნიუ-იორკ ტაიმსის სტატია წავიკითხე, რომელიც ჰარვი უაინშტაინის სკანდალს ეხებოდა, ვიცოდი, რომ მოდაში #Metoo მომენტი ჰოლივუდზე არანაკლები სიჩქარით და ხმაურით განვითარდებოდა.
ერთ ბრალდებას მეორე მოსდევდა,100-ზე მეტი მოდელი შემაძრწუნებელი ისტორიებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ სფეროს. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, მოდის ინდუსტრია აღარ იყო ისეთი, როგორიც მანამდე.
პატრიკ დემარშელიეს, მარიო ტესტინოს და ბრუს ვებერის „გაწირვით“ ის ინდუსტრია დაიმსხვრა, რომელიც მანამდე არსებობდა და ახალი ერა დაიწყო, რომელშიც კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ზემოთ ხსენებულების ქცევებზე თვალებს ხუჭავდნენ და დღესაც დახუჭავდნენ იგივე დროში რომ იყვნენ, მაგრამ სწორედ ესაა მთავარი – დრო შეიცვალა.
სოციალური ქსელების ერაში ყველას აქვს სიტყვის უფლება, ყველას სიტყვა ითვლება და ამ პრივილეგიის სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ. გვახსოვდეს, თუ პატრიკ დემარშელიეს კარიერა დაიმსხვრა, დაზღვეული არავინაა!