“ჩუმი ლაქშერის” პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ხოლო ბრენდები, რომლებსაც მსგავსი ესთეტიკა აქვთ, შემოსავლის ზრდას ელოდებიან. მათ შორისაა Ermenegildo Zegna, რომელშიც 2023 წელს „კომფორტული ზრდის“ ტრაექტორიას ელიან, მეტიც, ბრენდის განცხადებით, ისინი 2025-ის ფისკალური წლის დახურვას 2 მილიარდიანი ბრუნვით გეგმავენ. გეგმაში არ იგულისხმება ტომ ფორდის წარმოება, რომლის მამაკაცის ხაზის ლიცენზიასაც Zegna Group 2008 წლიდან ფლობს. აქვე შეგახსენებთ, გასულ წელს, Estee Lauder-მა ტომ ფორდის ბრენდი 2.8 მილიარდ დოლარად შეიძენა, თუმცა ესტე ლაუდერისა და Zegna Group-ის მოლაპარაკებები ლიცენზიის შესახებ ჯერ-ჯერობით არ დასრულებულა.

Zegna შემოდგომა/ზამთარი 2023

2022 წელს ზენიას შემოსავალმა 1.49 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წლის 1.29 მილიარდიან მაჩვენებელთან შედარებით 15.5%-იანი ზრდაა. ჩინური ბაზრის არასტაბილურობის გამო, 2022 წლის გაყიდვების სტატისტიკა ჩინეთის გამოკლებითაა დაანგარიშებული, სადაც ზენიას სამოსზე მოთხოვნა 42%-ითაა გაზრდილი, 2021 წელთან შედარებით.

კომპანიაში აღიარებენ, რომ ტურბულენტური ეკონომიკის პირობებში რთულია ზრდის ზუსტი პროგნოზირება, თუმცა ისინი „გუნდის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზეა ფოკუსირებული,“ აღნიშნავს WWD. ბრენდის მიზანი „ბაზრის ლიდერის პოზიციის შენარჩუნება“ და იტალიაში დამზადებული სამოსის გლობალური პოზიციონირებაა. WWD-სთან ოფიციალურ საუბარში ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ „ბევრი იშრომეს ზენიას ბაზარზე წამყვან ბრენდად წარმოსადგენად და აქედან გამომდინარე ისინი ძალიან კარგ შედეგებს ხედავენ და ახლა შენელებას ნამდვილად არ გეგმავენ.“

ჩინეთის ბაზრის გარდა, Zegna Group-ისთვის აზიის სხვა ქვეყნებიც წარმოადგენენ ინტერესის საგნებს, კერძოდ სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც მოთხოვნამ 2022 წელს მოლოდინებს გადააჭარბა. 2018 წელს ბრენდმა ამბასადორად სამხრეთ კორეელი მუსიკოსი Sehun წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ზენიაში სამხრეთ კორეელი სახე არ დაუსახელებიათ. შესაძლოა, სწორედ ახლა იყოს იდეალური მომენტი ამისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც LVMH-ისა და Kering-ის წამყვანი სახლები ასახელებენ K-Pop-ის ვარსკვლავებს ახალ სახეებად და ამბასადორებად. ამ მომენტისთვის ზენიას მთავარი სახე HBO-ს ჰიტ სერიალის Succession-ის კირან კალკინია, აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სერიალს უკავშირებენ მომენტისთვის “ჩუმი ლაქშერის” ასეთ არნახულ პოპულარობას.