მოდის ინდუსტრია კიდევ ერთი დიდი ცვლილების მოლოდინშია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ჯონ გალიანო Maison Margiela-სთან 10-წლიან თანამშრომლობას ასრულებს და ბრენდიდან მიდის. გალიანო Maison Margiela-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას სავარაუდოდ 2024 წლის შემოდგომაზე დატოვებს. მოდის ჟურნალები და ბლოგები იუწყებიან, რომ ეს ამბავი არაერთმა წყარომ დაადასტურა. ამავე წყაროების ინფორმაციით, ბრენდის მფლობელი რენცო როსო არაერთხელ შეეცადა, გალიანო დარჩენაზე დაეყოლიებინა, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და დიზაინერმა კონტრაქტის განახლებაზე უარი განაცხადა.
გალიანოს გადაწყვეტილების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა დიზაინერმა ინსტაგრამის პროფილი განაახლა და ყველა ფოტო წაშალა. ამ დროიდან არაერთი მოდის ბლოგერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ჯონ გალიანო კარიერული ცვლილებებისათვის ემზადება.
გავრცელებულ ხმებს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ Maison Margiela-ს მფლობელი კომპანიის, OTB-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოდის ინდუსტრიისათვის ამგვარი ჭორები უცხო არ არის. ამავე განცხადების მიხედვით, გალიანოს Maison Margiela-ს გუნდთან და რენცო როსოსთან “ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს”.
Maison Margiela-დან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მედიასა და სოციალურ ქსელებში მოჰყვა დებატები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჯონ გალიანოს კარიერა. ამ განხილვისას ორი ძირითადი ვერსია სახელდება – Dior და Fendi.
ამჟამად არც გალიანოს და არც Maison Margiela-ს წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ და ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში ვიხილავთ ჯონ გალიანოს.