მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა არჩევანის მრავალფეროვნება, ხშირ შემთხვევაში, ხარისხს და სანდოობას სულაც არ განსაზღვრავს. მეტიც, რაც უფრო იზრდება ტანისამოსისა და აქსესუარების გლობალური ბიზნესი, მით უფრო რთული ხდება, ვიპოვოთ ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული ბრენდი, რომელსაც ვენდობით.
Wolford-ის ისტორია 1950 წელს ავსტრიაში, ქალაქ ბრეგენცში იწყება. მას შემდეგ, ამ ბრენდის სახელი მაღალ ხარისხთან და ინოვაციასთან ასოცირდება. თითოეული პროდუქტი, რომლის იარლიყზეც ეს სახელწოდება არის აღნიშნული, ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრადი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით მხოლოდ ევროპაში იწარმოება – ბრენგეცსა და ჩრდილოეთ სლოვენიაში მდებარე ტექსტილის წარმოების ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ქალაქ მურსკა-სობოტაში. დიზაინი კი, იტალიაში, მილანში იქმნება. მსოფლიოს მასშტაბით, Wolford-ის 229 მონობრენდული მაღაზია ფუნქციონირებს, ხოლო ბრენდის პარტნიორ საცალო მოვაჭრეთა რაოდენობა 2500-ზე მეტს აღემატება. დაახლოებით 45 ქვეყანას შორის, სადაც Wolford-ის კოლექციების შეძენაა შესაძლებელი, საქართველოც არის.
ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ PRITAIL. კომპანია საქართველოში 2022 წლიდან ოპერირებს და ძირითადად მდიდრულ და პრემიუმ ბრენდებზე ორიენტირდება, რომელთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმებს შორის ხარისხი, ცნობადობა და სანდოობაა. გარდა Wolford-ისა, PRITAIL-ის პორტფელში ასევე გვხვდება: PINKO და DKNY.
© Wolford
უკვე 70 წელზე მეტია “ვოლფორდი” თავისი ტრიკოტაჟის ნაწარმით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. შესანიშნავი ხარისხის ტექნიკური ქსოვილების გამოყენებით დამზადებული თანამედროვე და გამორჩეული დიზაინის წინდები, კოლგოტები, ქალის თეთრეული თუ სხეულის კორექციისთვის განკუთვნილი ბოდეები იდეალურად ერგება სხეულს და თითოეული ჩვენგანის საჭიროებებს. გამოყენებული მასალისა და უნაკერო ქსოვის ტექნოლოგიის დამსახურებით, ბრენდის პროდუქცია მეორე კანის შეგრძნებას ტოვებს – Skin to Skin, რაც მომხმარებლისთვის შეუდარებელ კომფორტს უზრუნველყოფს.
© Wolford
ბრენდი მუდმივად თანამშრომლობს მაღალი მოდის სახლებთან და დიზაინერებთან, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა სახის კოლექციებს უშვებს. გასული წლების განმავლობაში, მათ შორის იყვნენ: ფეხსაცმლის დიზაინერი ამინა მუადი, Sergio Rossi, Mugler, Alberta Ferretti. წარსულში Wolford-თან ასევე უთანამშრომლიათ: კარლ ლაგერფელდს, Vivienne Westwood-ის, Kenzo-ს, Emilio Pucci-ს, Valentino-ს მოდის სახლებს და ა.შ. მისი პროდუქცია ხშირად გამოიყენება მოდის კვირეულების ფარგლებში მოწყობილი ჩვენებებისთვისაც.
Luisa Via Roma x British Vogue-ს 2023 წლის ჩვენება
2023 წლის შემოდგომის სეზონისთვის Wolford-ის კოლაბორაცია შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ready-to-wear ბრენდ Simkhai-სთან შედგა. კოლექციაში, რომელიც მოიცავს: წინდებს, სხეულზე მომდგარ კაბებს, კომბინიზონებს, Wolford-ის ხარისხი საუცხოოდ ერწყმის Simkhai-ს ესთეტიკას და დიზაინში გამოვლენილ თანამედროვე მიდგომებს. Wolford x Simkhai-ს კოლექციიდან სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია საქართველოში.
Wolford x Simkhai
2020 წლიდან “ვოლფორდი” გვხვდება BCRF-ის (ძუძუს კიბოს კვლევითი ფონდის) პარტნიორებს შორის. ყოველ ოქტომბერს, ბრენდი შეზღუდული რაოდენობით უშვებს ვარდისფერ კოლექციას, რომლის გაყიდვებიდანაც მიღებული შემოსავლის პროცენტი ფონდში ირიცხება. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში შექმნილი Wolford-ის ახალი ვარდისფერი კოლექცია ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვისაც.
ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვარდისფერი კოლექცია
საქართველოში Wolford-ის მაღაზია მდებარეობს “გალერია თბილისის” II სართულზე, პრემიუმ სივრცეში.