მოდა საზოგადოების განვითარებისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ინდიკატორია. ის სარკესავით ირეკლავს მიმდინარე ცვლილებებს და ითავსებს ერთგვარი ვიზუალური რეპრეზენტატორის როლს იმისა თუ რა მიმართულებით ვითარდება თანამედროვე სამყარო. სწორედ ეს ხდის მოდას, როგორც საინტერესოს, აგრეთვე ინოვაციურს.   ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, როგორც ყველა სხვა სფეროზე, მოდაზეც უდიდესი გავლენა იქონია. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური ქსელების ფენომენის წარმოშობამ ეს ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა.

ამერიკული მარკეტინგული სააგენტოს,  Mediakix-ის ინფორმაციით, 2022 წელს, ტანისამოსისა და თავის მოვლის ბრენდებმა ინტერნეტ-ინფლუენსერებში უკვე დახარჯეს 15 მილიარდი დოლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ, სოციალური ქსელის ინფლუენსერი, როგორც ფენომენი, არც არსებობდა, ნათლად დავინახავთ ცვლილებების მასშტაბს, რომელიც მოდის ბიზნესში ტექნოლოგიების განვითარების მხოლოდ ერთმა მიმართულებამ განაპირობა.  ვახსენებთ რა ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფლუენსერების ფენომენის მნიშვნელობას მოდის მარკეტინგში, აუცილებელია აღინიშნოს კიდევ ერთი უახლესი შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს და მასთან ერთად მოდასაც, ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად ცვლის. ეს მეტავერსია.   პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მეტავერსი მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან, ან ტექნოლოგიასთან არ უნდა გავაიგივოთ. ეს ამ ტერმინის ძალიან ვიწრო დეფინიცია იქნება. მეტავერსის როგორც კონცეფცია, ისე მნიშვნელობა, გაცილებით მასშტაბურია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული სივრცე, რომელიც ამბიციურ მიზანს ისახავს – გააერთიანოს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი და შექმნას მაქსიმალურად რეალისტური გამოცდილება ციფრულ სამყაროში.

მარკ ცუკერბერგისა და ივა ჩენის ავატარები, Prada-ს, Thom Brown-ისა და Balenciaga-ს კოლექციებით.

ბუნებრივია, რომ მეტავერსის განვითარება ციფრული მოდის ახლებურ გააზრებასაც ნიშნავს. ამის წინაპირობა უკვე შეინიშნება. მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ, რომელიც სამ უმსხვილეს სოციალურ ქსელს, Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, ონლაინ მაღაზიის გახსნა დააანონსა. ონლაინ მაღაზიაში ციფრული ავატარებისთვის სხვადასხვა მოდის სახლების ვირტუალური ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Prada, Thom Browne და, რა თქმა უნდა, Balenciaga. „ავატარების მოდას“ კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ბოლოდროინდელი სტატისტიკა და სიახლეები, რომლებსაც წამყვანი მოდის სახლები ავრცელებენ. ასე მაგალითად, გასულ წელს, Gucci-ს ვირტუალური ჩანთა იმაზე ძვირად გაიყიდა, ვიდრე ნამდვილი ღირს.  მოდის ამგვარმა გაციფრულებამ და ტექნოლოგიების განვითარებამ, ვირტუალური პერსონაჟების ინფლუენსერ ავატარებად და ბრენდ-ამბასადორებად ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი.

მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის ვირტუალური ამბასადორი – ლივი.

ვირტუალური პერსონაჟების ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება, როდესაც ანიმაციურ ფილმებს ჩაეყარა საფუძველი. მწირი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით 1900-იანი წლების მულტფილმები და „მუნჯი“ ანიმაციები იდეალურ გამოსახულებას ვერ იძლეოდა, თუმცა ეს იყო დასაწყისი ერთგვარი რევოლუციის. დღესდღეისობით, ვირტუალური ავატარები ციფრულ სამყაროში გვევლინებიან ისე, როგორც რეალური ადამიანები. მათ საკუთარი ისტორია, იდენტობა, უნიკალური შესახედაობა და გემოვნებაც კი აქვთ. როგორც ნამდვილი ადამიანები, ისინი თავიანთ გამომწერებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან.

ერთ-ერთი პირველი ვირტუალური ავატარი, რომელმაც მოდაში დიდ წარმატებას მიაღწია, Lil Miquela-ს სახელით არის ცნობილი. ლილი 2016 წელს აშშ-ში შექმნეს და დღეს მას ინსტაგამზე 2.9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. შექმნიდან პირველ 3 წელში, ლილ მიქუელამ ითანამშრომლობა უამრავ ბრენდთან მათ შორის: პრადა, კელვინ კლეინი, ჰქონდა ინტერვიუ შემდეგ გამოცემებთან: „გარდიანი“, „ვოგი,“ „ბაზფიდი“ და ა.შ. მისი წარმატების შემდეგ, უფრო და უფრო მეტმა კომპანიამ ირწმუნა, რომ ვირტუალური ავატარები მომავლის მარკეტინგში მნიშვნელოვან როლს დაიკავებენ.  

თანამედროვე მოდაში უკვე რამდენიმე ათეული ვირტუალური ავატარია. ისინი ისევე ოპერირებენ სოციალურ ქსელებში, როგორც რეალური ადამიანები და ხშირად, კომპანიებისთვის უფრო უსაფრთხო არჩევანსაც წარმოადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნამდვილი ადამიანის შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მისი ქცევა, ან სპონტანტურად დაშვებული შეცდომა, ხალხში გამოიწვევს წინააღმდეგობრივ რეაქციებს და შელახავს კომპანიის იმიჯს. ვირტუალური ავატარის ქცევა კი, სრულად კონტროლის ქვეშაა.

ზემოხსენებულიდან ნათელია, რომ მოდაში ახალი ციფრული ერა სწორედ ახლა იწყებს განვითარებას და ის კიდევ უფრო საინტერესო და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ჩვენთვის – მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბრენდებისთვის.

Tags :