თუ გასული კვირების პოლიტიკური სიახლეებისთვის თვალი არ გიდევნებიათ, გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთს ახალი პოლიტიკური ლიდერი ჰყავს. ვადამდელ არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტია დამარცხდა და უმრავლესობა „ლეიბორისტებმა“ მოიპოვეს, რის შემდეგაც, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, სერ კირ სტარმერმა დაიკავა.
არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ყურადღების ცენტრში მოექცა სერ კირ სტარმერის მეუღლე – ვიქტორია სტარმერი, რომელსაც ახლა შეგვიძლია გაერთიანებული სამეფოს ახალი „პირველი ლედიც“ ვუწოდოთ. ბოლო დრომდე, ვიქტორია, რომელიც პროფესიით ადვოკატია, თუმცა კარიერა ჯანდაცვის სფეროში განავითარა, საჯარო აქტივობებით არ გამოირჩეოდა. ახალი სტატუსი და პასუხისმგებლობა მას რა თქმა უნდა ახალ ცხოვრების რეჟიმსა და მოთხოვნებს უყენებს. ამიერიდან მისი ყოველი გამოჩენა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მოდისა და კულტურის პრესის განხილვის საგანიც იქნება.
ვიქტორიას სტილისთვის თვალის გადავლების შემდეგ, აშკარაა, რომ მას დახვეწილი სილუეტები იზიდავს, თუმცა თამამი ფერებითაც ახალისებს ლუქს. გასულ პარასკევს, როდესაც „ლეიბორისტული“ პარტიის გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი, ვიქტორია Me+Em-ის წითელი კაბით წარდგა თავის მეუღლესთან ერთად.
Me+Em ყოველდღიური ტანისამოსის თანამედროვე ბრენდია, რომელიც 2009 წელს კლეარ ჰორნბიმ დააფუძნა. ვიქტორია სტარმერთან ერთად, ბრენდის კლიენტების რიგებში არიან: უელსის პრინცესა – ქეით მიდლტონი, მსახიობი მარგო რობი, ამალ კლუნი, ოლივია კოლმანი და ა.შ.