დაახლოებით ერთი თვის წინ, მოდის სახლ Margiela-ს ახალი უჩვეულო კოლაბორაციის შესახებ შევიტყვეთ – ბრენდმა ესტონელ რეპერთან, კონცეპტუალურ არტისტთან და დიზაინერთან, Tommy Cash-თან თანამშრომლობით, ბრენდირებული ნუდლსი გამოუშვა. საკვების ძვირადღირებული სამარკო ნიშნოთ დაბრენდვა, შესაძლებელია, მოდის სამყაროში ახალ ტრენდად იქცეს, რადგან ამჯერად, Vetements-მა წარადგინა თვისი პირველი ბურგერი.

“VETEMENTS BURGER”-ის შეძენა კომბო მენიუს სახით არის შესაძლებელი, რომელიც ფრის და გაზიან სასმელს აერთიანებს. როგორც Vetements-ის ინსტაგრამზეა მითითებული, ბურგერი სწრაფი საკვების სფეროში გამოცდილი პროფესიონალი თანამშრომლების ხელით, უმაღლესი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და ის ვეგეტარიანულია. ბურგერ მენიუ უკვე იყიდება ბრენდის კონცეპტუალურ მაღაზია KM20-ში, რომელიც მოსკოვში მდებარეობს.

Vetements მოდის ინდუსტრიაში გამოჩენის დღიდან ერთ-ერთ ყველაზე ცინიკურ ბრენდად პოზიციონირდებოდა. გვახსოვს ჩვენებები, როცა მან კოლექციის ნაწილად აქცია მოდის სამყაროსათვის იმ დრომდე სრულიად შეუთავსებელი სიმბოლოები. აღსანიშნავია, რომ Vetements-ისათვის არც სწრაფი კვების და ე.წ. Junk Food-ის კულტურასთან სიახლოვე არის უცხო – 2019 წელს, ბრენდმა თავისი ცნობილი შოუ სწორედ McDonald’s-ში გამართა. ბრენდის გენერალური დირექტორის, გურამ გვასალიას თქმით, ბურგერის ბრენდირებული მენიუ მხოლოდ დასაწყისია და ვეტმანი მომავალში, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ მსგავს სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს.