როგორ ადაპტირდა ომთან უკრაინის წამყვანი მდიდრული უნივერმაღი – კიევის ცუმის შესყიდვების ხელმძღვანელი ოლგა ჩაიკა იმ ახალ რეალობაზე ყვება, რომელშიც მას უკრაინის დედაქალაქში უწევს ცხოვრება.

ქრისტინა ბინქლის სტატია

თებერვალში, როდესაც რუსეთმა უკრაინის დაბომბვა დაიწყო, მაღაზიებში 2022 წლის გაზაფხულის კოლექციები იგზავნებოდა. მათ შორის იყოს გზავნილები კიევის ცუმის უნივერმაღში განთავსებული Hervé Léger-ს მაღაზიისთვის და Free People-ის ready-to-wear კოლექცია; Stuart Weitzman-ისა და Kate Spade-ის ფეხსაცმელები; შვედური ბრენდის, CDLP-ის, მამაკაცის საბაზო მდიდრული ნივთები. 

პროდუქცია მაღაზიის საწყობს მიეწოდა, რომელიც სტოიანკაში მდებარეობს – კიევის დასავლეთ ნაწილის მოსაზღვრე ეს სოფელი და სასაწყობე კომპლექსი ავტომაგისტრალ E40-ის საშუალებით ერთ დროს ქალაქში შესვლას მოსახერხებელს ხდიდა. სტოიანკა ვირტუალურ მოჩვენებათა ქალაქად იქცა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელი ჯარისკაცები და მოხალისეები რუსულ ჯარებს ებრძოდნენ, რათა დედაქალაქი მათგან დაეცვათ. ცუმის საწყობი ბომბების სამიზნედ იქცა.

 „ბრენდებმა ხარჯები ჩამოწერეს. თქვეს, რომ გადახდა საჭირო არ იყო,“ ვიგებთ ცუმის შესყიდვების ხელმძღვანელი ოლგა ჩაიკასგან 30 მარტს Whatsapp-ის საშუალებით განხორციელებული ზარის დროს. „გვითხრეს, ‘ამის გაკეთება მაინც შეგვიძლია’.“

„ეს ომია. კვირის გეგმებიც კი არ მაქვს შედგენილი. ერთი დღისთვის ვცხოვრობ. პირველად ჩემს ცხოვრებაში, გავიგე თუ რას ნიშნავს ‘მომენტისთვის ცხოვრება’.“

– ოლგა ჩაიკა

ჩაიკას პირველად 1 მარტს ველაპარაკე, როცა კიევის სამხრეთით მდებარე გარეუბანში თავის საწოლზე იჯდა და ფიქრობდა რა წაეღო თავისი სახლის დატოვებისას, რომელშიც თავის ქმართან, ადვოკატ და ეკონომისტ ედვარდთან და 20 წლის ვაჟთან ერთად ცხოვრობს. ამავდროულად,  უკრაინული უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Esta Holding მფლობელობაში არსებული ცუმი დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ დახურული იყო. მენეჯმენტი საპარკინგე სივრცის პოტენციურ გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოდ გამოსაყენებლად ემზადებოდა.

ერთი თვის შემდეგ, ომით გამოწვეული შოკი ჩაიკასთვის რუტინად იქცა. მას თავისი სახლი არ დაუტოვებია. მწუხარებით მოცული ახალ სინამდვილეს ეგუება – ყოველ დილით 7 საათზე იღვიძებს, ყავას სვამს და ომით გამოწვეულ ქაოში წესრიგის პოვნაზე იწყებს მუშაობს, იმედოვნებს, რომ როდესაც ომი დამთავრდება მაღაზიისა და მისი თანამშრომლებისთვის მომავლის გაკვალვას შეძლებს.

მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბრენდებისთვის ომის დაწყებამდე მაღაზიაში მიღებული 2022 წლის გაზაფხულის კოლექციების დაბრუნებაა, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცა. ეს რამდენადაც სიურელისტურად და ოპტიმისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, წარმოუდგენია, რომ 2022 წლის შემოდგომის კოლექციების შეკვეთებისას, ომი შესაძლოა დასრულებული იყოს.

ლოჯისტიკა ექსტრაორდინალურია. უკრაინული მომწოდებელი კომპანია Nova Poshta კვლავ გაიხსნა და ქვეყანას ჰუმანიტარული ტვირთით უფასოდ არამაგებს, გზავნილების მიღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთავსებული ოფისებიდან ხდება, მათ შორის: შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. დანაღმული რკინიგზების, დანგრეული ხიდებისა და დაბომბვის შედეგად მიწოდებები შეფერხებულია. ცუმი ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის დისტრიბუციის ცენტრის მისამართით გაგზავნოს რაც შეუძლია, სადაც ბრენდები თავიანთი ნაწარმის უკან მიღებას შეძლებენ, რათა პროდუქციის გაყიდვა სხვაგან შეძლონ.

„მინდა ყველაფერი დავიმახსოვრო. თუ ისტორია გვემახსოვრება, გაკვეთილების მიღებას შევძლებთ. ჩვენ დავივიწყეთ მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ვერ დავაფასეთ, რაც გვქონდა – არამარტო უკრაინელებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ. მშვიდობა, ეს ძალიან მყიფეა.“

– ოლგა ჩაიკა

როდესაც უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეებმა სამუშაო პოზიციები დაცვის პუნქტებში დაიკავეს და ხიდების დაცვას შეუდგნენ, მათ თბილი ტანსაცმელი სჭირდებოდათ. ჩაიკამ ცუმის ინვენტარის შემოწმებისას იმ ბრენდების სია შეადგინა, რომელთა სამოსიც შესაძლოა ქვეყნის დამცველებს გამოდგომოდათ.

მარტის პირველ კვირაში, მაღაზიის საპარკინგე სივრცეში, მაღაზიის თანამშრომლებმა მანქანები ცუმის 150 პრიალა სავაჭრო პარკით დატვირთეს. თითოეული მათგანი ტანსაცმლით იყო სავსე. მათში შეიძლებოდა Canada Goose-ის კოიოტის ბეწვით დაბოლოებული ქურთუკის, Versace-ს საცვლების, Organic Basic-ის საცვლების, წინდების და მაისურების და სხვა თბილი, ზამთრისთვის განკუთვნილი სამოსის ნახვა. თითოეული პარკი უკრაინის დამცველისთვის იყო განკუთვნილი. „თუ გაგვიმართლა, ამ ომს გადავურჩებით და უფრო მეტს შევიძენთ,“ – ამბობს ჩაიკა. „ამ ადამიანების სიცოცხლის ფასს ხვდები.“

ბოლო დროს მაღაზიის ხელმძღვანელებმა ცუმის ონლაინ მაღაზიის ხელახლა გახსნის შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს. საიტის მთავარ გვერდზე ახლა უკრაინის დროშა და მესიჯი: „სლავა უკრაინა!“ არის წარმოდგენილი.

„ცხადია, ახლა მაღალი ქუსლების და საღამოს კაბების დრო არ არის,“ ამბობს ჩაიკა. თუმცა ზოგ უკრაინელს საცვლები, ქურთუკები, მაისურები და წინდები სჭირდება. „ჩვენ არ ველით, რომ ნივთების შეძენას გიჟებივით დაიწყებენ. ხალხს საკმარისი ფული არ აქვს, რადგან ზოგმა სახლი დაკარგა.“ გუნდი იმედოვნებს, რომ საკმარისი შემოსავლის მიღებას შეძლებს, რათა შესაძლებელი გახდეს მაღაზიის იმ ასობით თანამშრომლის ფინანსური მხარდაჭერა, რომელთა ცხოვრებაც თავდაყირა დადგა.

ორიგინალი სტატია ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულია Vogue Business-ის ვებ-გვერდზე.

Tags :