რამდენიმე საათის წინ ტიმოთი შალამემ თავის ინსტაგრამ პროფილზე Chanel-ის ლოგოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან შემდეგი აღწერა დაურთო: “CC X TC OTW.” ინტერნეტ სივრცეში მომენტალურად დაიწყო სპეკულაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის თანამშრომლობა შედგა 27 წლის მსახიობსა და ფრანგულ მოდის სახლს შორის – ტიმოთის გულშემატკივრების ნაწილი იმისაც ვარაუდობდა, რომ მან Chanel-თან კაცის სამოსის კოლექციის შექმნაზე იმუშავა.

ახალი კოლაბორაციის შესახებ გამოქვეყნებული დამაინტრიგებელი პოსტის შემდეგ მალევე, მსახიობმა სოციალურ ქსელში თავის 18 მილიონზე მეტ მიმდევარს საკუთარი ფოტოებიც გაუზიარა, რომლებიც მარიო სორენტიმ მას სწორედ Chanel-ისთვის გადაუღო. მართალია არც აღნიშნული პოსტის აღწერა მოიცავდა თანამშრომლობის დეტალებს, თუმცა მოდის სახლის მხრიდან გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ტიმოთი სუნამო Bleu de Chanel-ის ახალი სახეა.

© Instagram / tchalamet

ხმები ამ თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ წინა თვეში გავრცელდა, როდესაც პაპარაცებმა მსახიობი ნიუ-იორკში Chanel-ის სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღებების დროს დააფიქსირეს, რომლის რეჟისორიც არც მეტი, არც ნაკლები მარტინ სკორსეზე გახლავთ.