Apple TV+-მ ტიმოთი შალამეს მონაწილეობით, მიმდინარე და დაანონსებული პროექტების რეკლამა გაავრცელა. Call Me With Timothée Chalamet – ასე ჰქვია სტრიმინგ სერვისის სარეკლამო კამპანიას, რომელშიც მსახიობი Apple TV+-ის ერთგულ მაყურებლად არის წარმოდგენილი. რეკლამის სიუჟეტის მიხედვით, ტიმოთი შალამე სტრიმინგ სერვისის ფილმებისა და სერიალების ყურებისას, Apple TV+-ისთან თანამშრომლობაზე ოცნებას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შალამე კომერციული სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე გახდა. 2022 წლის დასაწყისში, მსახიობი ვიხილეთ ავტომწარმოებელი კომპანია Cadillac-ის საიმიჯო ვიდეოში, რომელიც ტიმ ბარტონის ცნობილი ფილმის – Edward Scissorhands-ის გაგრძელების ერთგვარი ინტერპრეტაციაა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2022/12/Baner-internet-1-9-1024x127.jpg)
ტიმოთი შალამე ჰოლივუდის ახალი თაობის გამორჩეული სახეა. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ლუკა გუადანინოს 2017 წლის ფილმმა, სახელწოდებით Call Me by Your Name. ამის შემდეგ, ის კიდევ არაერთ ცნობილ კინოსურათში გამოჩნდა. მათ შორის არის დენის ვილნევის სარეჟისორო ნამუშევარი – Dune. ახლო მომავალში მაყურებელი მსახიობს კიდევ ორ ხმაურიანად დაანონსებულ პროექტში იხილავს – 2023 წელს მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე Dune-ის მეორე ნაწილი და Wonka გამოვა.