თაობა „ზეტის“ საყვარელი აპლიკაცია, TikTok მოდურ თვეს უერთდება. მიუხედავად იმისა, მომავალი წლის სექტემბრამდე მოდა ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება, ინდუსტრია ცდილობს შექმნილ ვითარებასთან ადაპტაციას და 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების წარდგენას განსხვავებული მეთოდებით იწყებს. ამ გარდამტეხი ცვლილებების და კრიზისის ფონზე, TikTok უფრო აქტიურად ერთვება მოდის ინდუსტრიაში.
ივლისის მიწურულს, Celine – ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ედი სლიმანმა პოპულარულ ტიკტოკერებთან თანამშრომლობა დააანონსა. სიახლის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, TikTok – თან კოლაბორაცია ბრიტანული მოდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, LOEWE – ს და JW Anderson – ის ჯონათან ანდერსონმაც დაიწყო. ტიკტოკზე დარეგისტრირდა Balenciaga – ს, Dior – ის, Louis Vuitton – ის და სხვა ცნობილი ბრენდების ოფიციალური გვერდები.
“JW Anderson – ისთვის ახალ ტექნოლოგიებთან და პლატფორმებთან მუშაობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ TikTok არსებულ ნორმებს იწვევს, როგორც ამას ჩვენი ბრენდით ვაკეთებთ. ძალიან აღელვებული ვარ, რომ ჩვენს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას TikTok-ზე წარვადგენთ” – ჯონათან ანდერსონი.
სექტემბრის დასაწყისში, Louis Vuitton – ის და Saint Laurent -ის მამაკაცის ხაზის კოლექციები აპლიკაციაზე „ლაივში“ გადაიცა. როგორც TikTok-ის წარმომადგენლები ამბობენ, მოდური თვის პიარი უკვე დაიწყეს, რაც ჰაშთაგებში (TikTokFashionMonth) შეიმჩნევა.