სიკვდილი ყველა ცოცხალი არსებისთვის გარდაუვალი ტრაგედიაა. ის მისტიური და შიშის მომგვრელია, მაგრამ 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე თომ ბრაუნმა შეძლო სიცოცხლის დასასრული და მისი თანმდევი გლოვა მშვენიერი, ექსტრავაგანტული და რომანტიკული გაეხადა.
ამბავი სამ ოთახიან საცხოვრებელში იწყება: მასში ყველაფერი თეთრი ფერისაა. ასევე თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა მარტოხელა მამაკაცი საწოლიდან დგება, გარდერობიდან თეთრ ფეხსაცმელს იღებს, მეორე ოთახში შედის, დილის რუტინას ასრულებს, შემდეგ მესამეში გადადის საქმის გასაკეთებლად. დღეს ისევ კარადასთან მისვლით ამთავრებს, ამჯერად იქიდან შავი ტანსაცმელი გამოაქვს, მას იცვამს, ოთახებს აბნელებს, თეთრ ბალიშსა და გადასაფარებელს შავ მხარეს აბრუნებს, საწოლში წვება და კვდება.
“ეს რომანტიკული პატივის მიგება იყო დამოუკიდებელი და ძალიან თავდაჯერებული ახალგაზრდა კაცისადმი, რომელიც თავისი ცხოვრების სამუშაოს დასრულების შემდეგ გარდაიცვალა,” – განაცხადა დიზაინერმა.
ისტორია კიდევ უფრო ემოციურ ფაზაში გადადის, როდესაც წვიმის მსგავსად ზევიდან ჩამოცვენილი ფერფლისა და დრამატული მუსიკის ფონზე მიცვალებულთან გამოსამშვიდობებლად შავებში შემოსილი მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები იწყებენ მოსვლას, რაც ამ თეატრალური პრეზენტაციის განსაკუთრებით ლამაზი ნაწილია. “წარმომედგინა, როგორი პატივისცემა ჩნდება იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც დაგვტოვეს,” – აღნიშნა ბრაუნმა. მისი ფანტაზია მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან funeral chic განასახიერა.
კოლექცია აერთიანებდა ტიულის, ტაფეტას, ბეწვის, მაქმანების, აბრეშუმის, მამაკაცის ტრადიციული სამოსის ქსოვილებით შექმნილ ქურთუკებს, პალტოებს, ქვედაბოლოებს, პიჯაკებს, დრამატულ ვუალებს, ქუდებს. სახალისო ნაწილს კი კუს და ვეშაპის ფორმის ჩანთები წარმოადგენდა, რომლებიც ორიგინალურობით და განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა.
© Vogue
“არ მინდოდა, რომ ის სევდიანი ან ძალიან ღრმა ყოფილიყო,” – თქვა თომმა თავის ჩვენებასთან დაკავშირებით. მან ნამდვილად შეძლო სენსიტიური თემის გამოყენებით მრავალ ადამიანზე მოეხდინა დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
Thom Browne შემოდგომა/ზამთარი 2015