დაახლოებით ერთი წლის წინ, Lyst Index-ის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კაცებისთვის ათ ყველაზე სასურველ პროდუქტს შორის მოხვდა თომ ბრაუნის ქვედაბოლოც. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ დიახ, მამაკაცებსაც სურთ, ჩაიცვან ის. მაგრამ საინტერესოა, ვინ აღმოჩნდება იმდენად თამამი, რომ თომ ბრაუნის დაბალწელიანი, მინი ქვედაბოლო ჩაიცვას? ახალი თაობა ხშირად ლაპარაკობს გენდერის არარსებობაზე, იქნებ სწორედ ე.წ. Gen Z აღმოჩნდეს პირველ რიგებში?
Thom Browne-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ბოლო დღეს გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე თომის სამოსში გამოწყობილმა ქალმა მოდელებმა, მათ შორის მარისა ბერესონმა და საშა პივოვაროვამ, დაგვიანებული სტუმრების იმიტაცია შექმნეს, რამაც დამსწრე აუდიტორია განსაკუთრებით გაახალისა. როგორც კი მათ ადგილები დაიკავეს, ჩვენებაც დაიწყო და პოდიუმზე, ძველი კუტიურ პრეზენტაციების მსგავსად ნომრით ხელში, პირველი მამაკაცი მოდელიც გამოჩნდა.


Thom Browne გაზაფხული/ზაფხული 2023 © Vogue Runway
ამერიკელი დიზაინერი კაცებისთვის ქალების სამოსის კოდების მორგებით ასე შორს არასოდეს წასულა. „ვიფიქრე, რატომაც არა? მგონია, დროა ამ პროცესს წინ ცოტათი კიდევ უნდა ვუბიძგოთ,“ – განაცხადა მან.



Thom Browne გაზაფხული/ზაფხული 2023 © Vogue Runway
კოლექციაში უხვად იყო გამოყენებული ტვიდი – როგორც ტანსაცმელში, ისე აქსესუარებში – რაზეც, უპირველესყოვლისა, ყველას შანელის მოდის სახლი ახსენდება. „ამით კონკრეტულად არა შანელს, არამედ უფრო ფრანგულ კუტიურ შოუებს მივაგე პატივი,“ – აღნიშნა თომმა. „როდესაც კუტიურზე და საფრანგეთზე ვფიქრობ, ტვიდი მაგონდება.“
შოუზე არატრადიციული სახით ვიხილეთ მეზღვაური, ჩოგბურთელი, სერფერი და ბოლოს პროვოკაციული კოვბოი, რომლის გამოსვლაც შესაძლოა ამ სეზონზე მთელი კვირეულის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო.
ჩვენების ჩანაწერი