The Last Of Us სტრიმინგ სერვის HBO Max-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია, რომლის პირველმა სეზონმა რეიტინგების რეკორდები მოხსნა. სერიალი ამავე სახელწოდების ცნობილ ვიდეო თამაშზეა დაფუძნებული და მისი სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება. შოუს მთავარ როლებში მაყურებელმა ასევე HBO-ს საკულტო სერიალის, Game Of Thrones-ის მსახიობები – პედრო პასკალი და ბელა რემზი იხილა. რემზის პერსონაჟი GOT-ში საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და მსახიობის საშემსრულებლო შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად წარმოაჩინა, თუმცა The Last Of Us ბელას კარიერაში ახალი ეტაპი აღმოჩნდა და მსახიობი ვარსკვლავად აქცია. როგორც უკვე ვიცით, სერიალის მეორე სეზონი ოფიციალურად დამტკიცებულია. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ეპიზოდებში მთავარი გმირის – ელის როლს კვლავაც ბელა რემზი შეასრულებს.

The Last of Us

პირველი სეზონის ფინალის შემდეგ, რემზის შეცვლის შესახებ ხმები აქტიურად ვრცელდებოდა. ეს ვარაუდი პერსონაჟის გაზრდის მოლოდინმა გააჩინა, თუმცა როგორც შოუს შემქმნელებმა აღნიშნეს, გადაწყვეტილია, რომ ბელა რემზი კვლავაც სამსახიობო შემადგენლობაში იქნება. მათი ხუმრობითაც კი აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი ეცდებოდნენ ბელა შოუში დაეტოვებინათ, თუ თავად მონაწილეობაზე უარს იტყოდა.

უცვლელია პედრო პასკალის კანდიდატურაც. ცნობილია ისიც, რომ ახალ სეზონზე სერიალის სიუჟეტი ვიდეო თამაშის სიუჟეტისაგან კვლავაც განსხვავებული იქნება. რაც შეეხება პრემიერას – მოსალოდნელია, რომ მეორე სეზონს მაყურებელი 2024 წლის ბოლოს, ან 2025 წლის დასაწყისში იხილავს.