2016 წლის გაზაფხულზე, “New York Times Style Magazine” -ისთვის, მოდის ახალგაზრდა ჟურნალისტმა, ალექსანდრ ფიურიმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ინტერვიუ ჩაწერა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ ბალენსიაგას დემნა გვასალია და გუჩის ალესანდრო მიკელე წარმოგვიდგინა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერვიუმ არა მხოლოდ დემნას და ალესანდროს წამყვან დიზაინერებად პოზიციონირება, არამედ თავად ფიურის კარიერული წინსვლაც განაპირობა. აღსანიშნავია ისიც, რომ გვასალია და მიკელე ერთმანეთს პირველად “ნიუ-იორკ თაიმსის” ინტერვიუსთვის შეხვდნენ. მას შემდეგ, მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუმცა გასულ 2 თვეში, გუჩის და ბალენსიაგას ისტორიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ორი რადიკალურად განსხვავებული შემოქმედის კვეთა, უპრეცედენტო ფორმით ვიხილეთ. სწორედ ეს გახდა ახალი პოდკასტის მთავარი თემა.
სიმბოლურია, რომ “ნიუ-იორკ თაიმსის” ინტერვიუდან 5 წლის შემდეგ, გვასალიას და მიკელეს ერთობლივ პოდკასტზე, კვლავ ალექსანდრ ფიურიმ იმუშავა. 30 წუთიან დიალოგში, ბალენსიაგას და გუჩის შემოქმედებითი დირექტორები საუბრობენ უპრეცედენტო პროექტის დასაწყისზე და მნიშვნელობაზე. პოდკასტის მოსმენა შესაძლებელია Spotify -ზე, მიჰყევით მითითებულ ლინკს – The Hacker Project/Podcast.