დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში, “Victoria and Albert Museum” ამერიკელ პოპ-ვარსკვლავს გამოფენას მიუძღვნის. “ტეილორის ყველაზე საკულტო სასცენო ლუქები” – ამ სახელწოდებით, გამოფენა გააერთიანებს ათობით ცნობილ კოსტიუმს სვიფტის მუსიკალური ტურებიდან და არა მხოლოდ. ცნობილია, რომ ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა მუსიკოსისგან დროებით ითხოვა ტეილორის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შავი კაბა მუსიკალური ვიდეოდან –  “Fortnight”.

ტეილორ სვიფტი “Fortnight”-ის მუსიკალური ვიდეოს გადასაღებ მოედანზე

გარდა უახლესი ლუქებისა, გამოფენა წარმოადგენს სვიფტის ადრეული კარიერიდან ნივთებს, მათ შორის კავბოი ფეხსაცმელებს, რომლებიც ტეილორს 2007 წელს თავის სადებიუტო ერაში ეცვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენა მოდურ ნივთებთან ერთად, ვიზიტორებს სვიფტის რამდენიმე ძვირფას მუსიკალურ ინსტრუმენტსაც შესთავაზებს.

ლონდონის “Victoria and Albert Museum”-ის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის გახმაურებულ კონცერტებს უკავშირდება. ტეილორმა მიმდინარე წლის ივნისში, გაერთიანებულ სამეფოში, “Eras Tour”-ის ფარგლებში, ათზე მეტი სტადიონის კონცერტი გამართა. გამოფენა 27 ივლისს გაიხსნება.