წლებთან ერთად, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იმ პლატფორმად იქცა, რომელმაც ქართული მოდა საერთაშორისო ინდუსტრიას გააცნო და შეძლო, რომ მის ნაწილად ექცია. თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ დიზაინერებს ნამდვილად აღმოაჩნდათ ის ხედვა, რომ საკუთარი იდენტობა და ინდივიდუალური ხედვებით ყურადღება მიეპყროთ. სამწლიანი პაუზის შემდეგ , Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ფიზიკური ფორმატის სახით დაბრუნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოდის სამყაროსთვის ყველაზე საინტერესო, დატვირთული და მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო. MBFWT-ის ერთ-ერთი პარტნიორი ტრადიციულად არის Mastercard. გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისათვის ქართული თანამედროვე მოდის და ზოგადად ხელოვნების მხარდაჭერა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ უკვე მრავალი წელია მხარდაჭერას უცხადებს ქართველ დიზაინერებს და ადგილობრივ ბაზარზე მოდის ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას, MBFW Tbilisi -ს.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიხილეთ ბრენდებისა და დიზაინერების ჩვენებები, რომლებმაც ინდივიდუალური განაცხადის გაკეთება შეძლეს.
პირველი დღის პირველი ჩვენება უტა ბექაიას შოუ იყო, რომელსაც ერთგვარი პერფორმანსის სახე ჰქონდა. უტა ბექაიამ, როგორც თანამედროვე არტისტმა, პოდიუმი საკუთარი სახელოვნებო კონცეფციების და ხედვების გაზიარების პლატფორმად აქცია და აუდიტორიას სანახაობრივი წარმოდგენა შესთავაზა.


კვირეულისათვის დამახასიათებელი დინამიკის გამხსნელ ჩვენებად შეგვიძლია Blikvanger-ის შოუ დავასახელოთ. მოდის სახლმა შემოდგომა/ზამთარი 2023-ის კოლექცია წარადგინა. კვირეულის პირველ დღეს წარმოდგენილი შოუ ზუსტად გამოხატავდა ბრენდის კონცეფციას და საკმაოდ ენერგიული და თვალშისაცემი იყო. მუსიკა, ქასთი, ჩვენების დინამიკა – ეს ყველაფერი იმ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელიც ყველა დეტალში მოდის კვირეულის ხმაურიანად დაწყებაზე მიგვანიშნებდა და მომავალი ჩვენებებისათვის ერთგვარი განწყობის შემქმნელიც კი იყო. კოლექციაში გაერთიანებულია სამოსი განსხვავებული გარემოებებისათვის. მთლიანი კოლექცია კი, ინდივიდის ცვალებად, მრავალფეროვან ბუნებას გამოხატავდა.



მოდის კვირეულის მეორე დღეს, გამორჩეული ჩვენება წარადგინა Reckless-მა. „რექლესი“ ის ბრენდია, რომლის ჩვენებასაც მოდის კვირეულის სტუმრები განსაკუთრებულად ელოდნენ. ამ ბრენდმა ქართული მოდის ინდუსტრიაში ერთგვარი განაცხადის გაკეთება შეძლო, რადგან ახალგაზრდა, თავისუფალი, გაბედული და ინდივიდუალური ინტერესების მატარებელი თაობის ხმად იქცა. ეპოქაში, სადაც სამოსი ჩვენს იდენტობას გამოხატავს, Reckless ნამდვილად ის სიახლე აღმოაჩნდა, რომელმაც თაობის ინდივიდუალიზმი ერთი იდეის გარშემო გააერთიანა და ერთგვარი კომუნა შექმნა. როდესაც ამ ბრენდზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ის ისტორია რამაც „რექლესი“ შექმნა.


Reckless სულ რაღაც 3 წლის წინ, სალომე გველესიანმა დააარსა. სალომემ ბრენდი თავისი 15 წლის შვილის, ნიკა ჯორჯაძის ხსოვნას მიუძღვნა. „15 წლის ასაკში, ნიკამ მოახერხა და საკმაოდ დიდი შემოქმედებითი მასალა დატოვა თავისი მუსიკის, ანიმაციის და სხვა სახით. განსაკუთრებული სტილი ჰქონდა და შეეძლო ეს სტილი თავისი ასაკის ადამიანებამდე მიეტანა.“ – აღნიშნა სალომემ 2020 წელს, როდესაც ბრენდი ჩვენ მკითხველს პირველად გაგაცანით.
MBFWT-ზე წარმოდგენილმა ჩვენებამ მოდელების სახით ახალი თაობის გამოკვეთილი პერსონები გააერთიანა. ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდები, რომლებიც ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომლებიც თავისუფლები არიან სტერეოტიპებისაგან, ჩარჩოებით აზროვნებისაგან და იმ გლობალური სამყაროს ნაწილი არიან, რის გარშემოც თანამედროვე აქტივიზმი, პოპ კულტურა და ზოგადად პროგრესიული სამყაროს იდეები ტრიალებს. 5 მაისის ჩვენების შემდეგ, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ, Reckless არ არის მხოლოდ ტანსაცმლის ბრენდი – ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის, ცხოვრების სტილის და ფასეულობათა სისტემის მომავლის ხმად იქცა.



Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე საუბრისას, აქვე უნდა აღვნიშნოთ კვირეულის ჩატარების ადგილი – მულტიფუნქციური სივრცე Factory Tbilisi. ამ ტერიტორიამ თავისი მასშტაბებიდან და არქიტექტურული დაგეგმარებიდან გამომდინარე, კარგად შეძლო კვირეულის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიების ერთ სივრცეში გაერთიანება. Factory Tbilisi ნამდვილად იდეალური ლოკაცია არმოჩნდა მსგავსი ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 8 მაისს დაიხურება. კვირეულის მიმდინარეობას ჩვენი პლატფორმა Mastercard-თან პარტნიორობით აშუქებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სიახლეებს და საინტერესო მიმოხილვას შემოგთავაზებთ.