ჯაბა დიასამიძე პარიზში მცხოვრები დიზაინერია. მისი შემოქმედებაც მნიშვნელოვნად არის საფრანგეთის დედაქალაქით შთაგონებული და ყოველ ჩვენებაზე თვალსაჩინოა კოლექციების კავშირი ფრანგული მაღალი მოდის სახლების კოდებთან.
ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი
მან ახალი კოლექცია “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში წარადგინა, რომელსაც FashionHolics Online ციფრული გადახდების ლიდერთან, Mastercard-თან ერთად აშუქებს. ოთხ დღიანი ღონისძიება ევროპის დღეებს მიეძღვნა. მასზე დასასწრებად თბილისს 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ეწვია, მათ შორის ისეთი მედია გამოცემების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Forbes US, Washington Post, The Guardian, GQ, ELLE და ა.შ. კვირეულში მონაწილოება 30-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა არტისტმა მიიღო, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული სახელი სწორედ ჯაბა დიასამიძე გახლდათ.
ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი
ჩვენება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სივრცეში ჩატარდა. მომხიბვლელ ატმოსფეროში, ჯაბამ შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინა ნამუშევრები, რომელთა პოდიუმზე გამოჩენასაც თან ოვაციები ახლდა. ძირითადად შავ ფერში შექმნილი კოლექცია მოიცავდა მაღალი ხარისხის ქსოვილებით შექმნილ ელეგანტურ, დახვეწილ და კლასიკურ სილუეტებს, რომლებიც დიზაინერის ხელწერად იქცა. ჩვენების მიმდინარეობისას, პოდიუმზე ხშირად ჩნდებოდა თავად ჯაბაც, რომელიც აქტიურად იყო თავისი ქმნილებების სათანადოდ წარდგენის პროცესში ჩართული. მის ჩვენებებს ყოველთვის ახასიათებს მშვენიერება, პოეტურობა, ემოციურობა, სინატიფე.
ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი
ჯაბას ჩვენებები გამოირჩევა მოდელების შემადგენლობითაც და არც ეს შოუ ყოფილა გამონაკლისი. მასზე ვიხილეთ საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც ძველი, ისე ახალი სახეები, მათ შორის იყვნენ: დედა-შვილი ნინო ცქიტიშვილი და ანა ნაცვლიშვილი, ნინუცა ორჯონიკიძე, თათია ახალაია და სხვები.
ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი
შოუს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც პოდიუმზე მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე გამოჩნდა, რომელსაც ბუმბულებით გაფორმებული კაბა ამშვენებდა. ის პოდიუმზე არაჩვეულებრივი შესრულებით წარდგა.