სერიალების ინდუსტრია და მოდის სამყარო ერთმანეთთან სულ უფრო მეტად დაკავშირებული ხდება. რეიტინგული სერიალების მსახიობებს ვხედავთ მოდის ჟურნალების გარეკანზე, ცნობილი დიზაინერების მუზების როლში და ხშირად პოდიუმზეც. მაგალითისათვის, გავიხსენოთ ნეტფლიქსის 2020 წლის ჰიტი – The Queen’s Gambit, რომლის პრემიერის შემდეგაც, მთავარი როლის შემსრულებელი ანია ტეილორ ჯოი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა. “ლაზიერის გამბიტის” გამოსვლიდან ერთი წელი გავიდა და სატელევიზიო სერიალების მოყვარულებს ახალი რჩეული ჰყავთ.

ეს არის ნეტფლიქსის სამხრეთ კორეული სერიალი სახელწოდებით – Squid Game, რომელიც სტრიმინგ სერვისის არსებობის ისტორიაში, უკვე ყველაზე ყურებადი პროექტის სტატუსს ფლობს. მასზე საუბრობს ყველა – გავლენიანი საერთაშორისო მედია, თუ სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლები. სერიალის  პოპულარობა სამსახიობო გუნდის ცნობადობაზეც აისახა, განსაკუთრებული ყურადღება კი 27 წლის კორეელმა მოდელმა და მსახიობმა – ჩონგ ჰო იონი (HoYeon Jung) მიიპყრო. იონი ჯერ Adidas-ის კამპანიაში გამოჩნდა, ამის შემდეგ კი უკვე  მოდის სახლმა Louis Vuitton-მა საერთაშორისო ამბასადორად დაასახელა, რაც ბრენდის ერთ-ერთი მთავარი წარმდგენის სტატუსს ნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩონგ ჰო იონი მოდელის სტატუსით ადრეც ჩნდებოდა სხვადასხვა წამყვანი მოდის სახლის ჩვენებაზე, მის შესახებ მსოფლიომ სწორედ Squid Game-ის გამოსვლის შემდეგ შეიტყო.  სერიალის პრემიერიდან  ერთი თვის შემდეგ, კორეელის ინსტაგრამის ანგარიშზე გამომწერების რიცხვი 400,000-დან უკვე 16,8 მილოონამდე გაიზარდა. როგორც მოსალოდნელია, Adidas-თან და Louis Vuitton-თან თანამშრომლობა მხოლოდ დასაწყისია და იონის კარიერაში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან მომენტს ვიხილავთ.