27 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პარიზის მოდის კვირეული გაიმართება. მასში მონაწილეობას სულ 92 ბრენდი მიიღებს, მათგან 37 ჩვენებების ფიზიკურ ფორმატში გამართვას გეგმავს.

მოდაში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ორი ქართველი დიზაინერი წარადგენს კოლექციას – დემნა გვასალია Balenciaga-სთვის და ირაკლი რუსაძე Situationist-ისთვის. პანდემიის დაწყების შემდეგ, ბალენსიაგა პირველად უბრუნდება ტრადიციულ კალენდარს, სიტუაციონისტი კი უკვე ზედიზედ მესამე სეზონია საპატიო ადგილს იკავებს მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელების გვერდით.

Situationist პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში პირველად 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მოხვდა და 2020 წლის სექტემბერში ბრენდის ნამუშევრები გლობალურმა აუდიტორიამ საქართველოში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის საშუალებით იხილა. 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე კი სიტუაციონისტმა პარიზში ახალ კოლექციასთან ერთად, საქართველოს ეთნოგრაფიული პორტრეტი აჩვენა.

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Situationist-ის პრეზენტაცია 29 სექტემბერს იგეგმება. იხილეთ სრული განრიგი