ჩინური სავაჭრო აპლიკაციები, Shein და Temu,  რომლებიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებს მათთვის საჭირო ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობენ,  დიდი პოპულარობით სარგებლობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. ცოტა ხნის წინ, კომპანიების წარმომადგენლებმა ფასების მატემაზე გააკეთეს განცხადება. საქმე ეხება აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ დაძაბულობას, კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს, რასაც ჩინეთის ხელისუფლებამაც უპასუხა. 

ეკონომიკური არასტაბილურობისა და ე.წ. “სავაჭრო ომის” პირობებში, ჩინეთის ორი ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგის პლატფორმა – Shein და Temu ამერიკელ მომხმარებლებს ფასების მატემაზე აფრთხილებენ. „ტარიფების ბოლოდროინდელი ცვლილებების გამო, ჩვენი საოპერაციო ხარჯები გაიზარდა. იმისათვის, რომ გავაგრძელოთ თქვენთვის საყვარელი პროდუქტების შექმნა, ხარისხის გაფუჭების გარეშე, 2025 წლის 25 აპრილიდან, ფასებს შევცვლით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ.“ – ნათქვამია Shein-ის მომხმარებლებისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში. 

(c) Shein

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, აშშ-ში ჩინური ნაწარმის იმპორტზე ტარიფი 30%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ საპასუხო ტარიფებით უპასუხა, დონალდ ტრამპმა კიდევ სამჯერ გაზარდა ჩინურ იმპორტზე ტარიფი.