ყოველ ჯერზე, როდესაც ახალგაზრდა დიზაინერი წარმატებით ახერხებს ბრენდის მემკვიდრეობის საკუთარ ესთეტიკასთან შერწყმას, მოდაში ახალი ვარსკვლავი იბადება. Schiaparelli-ის დანიელ როუზბერი ამის ნათელი მაგალითია.

გასული სამი წლის განმავლობაში, ამერიკელმა დიზაინერმა ნათლად დაგვანახა, რომ კარგად იცნობს ”სკიაპარელის” არქივებს. თამამი აქსესუარებით, ფერებითა და ფორმებით, როუზბერიმ მოდის სახლში საინტერესო თავი გახსნა, რომელიც ეფუძნება ელზა სკიაპარელის მდიდარ მემკვიდრეობას. წარმატებული დასაწყისის შემდეგ, დანიელი მზად არის უფრო რთული მისია იკისროს. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შთაგონება და მუზა თავად ელზა სკიაპარელია.

ელზა 1890 წლის 10 სექტემბერს იტალიელი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. მიუხედავად დიდგვაროვნებისა, სკიაპარელები მალე გაკოტრდნენ. გოგონა ფუფუნებაში არ გაზრდილა, თუმცა ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობას მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ვერ დავუკავშირებთ. ელზა ბავშვობიდან ძალიან აქტიური, თამამი და გაბედული იყო. ხასიათის მრავალფეროვნების და ცვალებადობის გამო, ხშირად ხვდებოდა გახმაურებული სკანდალების ეპიცენტრში. მისი ექსცენტრიული პიროვნულობა კარგად გამოიხატა მოდაშიც. 1930-იანი წლების ევროპაში, ელზას მოდელებს პროვოკაციულად და ხშირად ვულგარულადაც აღიქვამდნენ.

სკიაპარელის არქივების გათანამედროვება მოითხოვს თანდაყოლილ ნიჭსა და გემოვნებას, თუმცა მისი პიროვნების, ხასიათის და ცხოვრების სტილის ”Ready to Wear” კოლექციის სახით ინტერპრეტირება ბევრად დიდი გამოწვევაა.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.