რიანას საცვლების ხაზის, Savage x Fenty-ს რიგით მეოთხე ჩვენების პრემიერა 9 ნოემბერს Amazon Prime Video-ზე შედგება.

მომღერალმა უკვე დაანონსა, თუ რას უნდა ველოდოთ – გარდა ინკლუზიური ქასთისა, ახალ კოლექციაში ვიხილავთ საცვლებისა და კორსეტების განახლებულ დიზაინებს, ისევე როგორც ახალ ქორეოგრაფიას და მუსიკალურ ნომრებს. როგორც ბრენდის განცხადებაშია ნახსენები, კოლექციაში გამოყენებულია მრავალფეროვანი ტექსტურები, მოულოდნელი დეტალები და უჩვეულო პროპორციები. როგორც ყოველთვის, საცვლების, საძილე სამოსისა და სახლის სამოსის ზომები XS-დან XXXXL-ამდე იქნება ხელმისაწვდომი.

შარშანდელმა ეპიზოდმა ემი მოიგო, აქედან გამომდინარე, მოლოდინები საკმაოდ მაღალია. 2021 წელს ჩვენებაზე ვიხილეთ ისეთი სახეები, როგორებიც არიან ბელა და ჯიჯი ჰადიდები, კარა დელევინი, ალეკ ვეკი, დიჯეი ხალედი, ლავერნ კოქსი, Migos, ნორმანი და Halsey.

ჩვენების კრეატიული დირექტორი და პროდიუსერი ტრადიციულად რიანა იქნება. კოლექცია კი ხელმისაწვდომი Amazon Fashion Store-სა და Savagex.com-ზე იქნება.