6 ნოემბერს მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი დაჯილდოება –  CFDA Fashion Awards გაიმართება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ცერემონიის წამყვანი სარა ჯესიკა პარკერი იქნება. ღონისძიება ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში ჩატარდება. 

გარდა კინო და სატელევიზიო ინდუსტრიისა, სარა ჯესიკა პარკერი მოდის სამყაროსთვის ახლობელი პერსონაა. აღსანიშნავია, რომ სარა ჯესიკა პარკერი 2004 წელს თავად გახდა  CFDA Fashion Awards -ის ჯილდოს მფლობელი, ნომინაციაში  – Fashion Icon. 

“სარა საუკეთესოდ გამოხატავს, თუ რა არის ამერიკული მოდა. ის არის ჭკვიანი, ინდივიდუალური, მხიარული… ჩვენთვის პატივია, რომ სწორედ ის იქნება დაჯილდოების წამყვანი” – განაცხადა თომ ბრაუნმა, რომელიც ამჟამად CFDA-ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

სიახლეს გამოეხმაურა თავად სარა ჯესიკა პარკერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბედნიერია და მოუთმენლად ელის დაჯილდოებას.

რაც შეეხება CFDA Fashion Awards -ს, მას ხშირად მოდის ოსკარებად მოიხსენიებენ. დაჯილდოება ამერიკული მოდის დიზაინერთა საბჭომ 1962 წელს დააარსა.