Saint Laurent Productions-მა კომპანიის სადებიუტო ფილმის ტრეილერი გაავრცელა. STRANGE WAY OF LIFE – ასე ჰქვია ვესტერნის ჟანრის მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, რომლის რეჟისორი პედრო ალმოდოვარია. ფილმში ითან ჰოუკი და 2023 წლის ჰიტად ქცეული სერიალის – The Last Of Us-ის ვარსკვლავი, პედრო პასკალი მონაწილეობენ. ფილმის სიუჟეტი სწორედ ჰოუკისა და პასკალის პერსონაჟების ურთიერთობაზეა ფოკუსირებული. აღსანიშნავია, რომ ფილმში ასევე მონაწილეობს Netflix-ის ესპანური სერიალის, Elite-ის მსახიობი მანუ რიოსი.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. კინოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება 16 მაისს გაიხსნება და 27 მაისს დაიხურება. კინოფესტივალის მიმდინარეობისას Saint Laurent Productions-ის კიდევ ერთ ფილმს აჩვენებენ. გარდა კინოპრემიერებისა, ამ ფილმების წარდგენით უშუალოდ კინოკომპანიის ოფიციალური დებიუტიც შედგება. Saint Laurent Productions მოდის სახლ Saint Laurent-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც დამოუკიდებელი კინოწარმოების მიმართულებით იმუშავებს. კომპანიის მეორე ფილმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.