1966 წლამდე ივ სენ ლორანის კოლექციებში შავი ფერი დომინირებდა. შემდეგ, უეცრად, მის კოლექციებში მომაჯადოვებელი ფერები უხვად გაჩნდა. მიზეზი მარაქეშში ნაპოვნი ინსპირაციაა. ივი ქალაქს პირველად თავის პარტნიორ პიერ ბერჟესთან ერთად სწორედ ამ წელს, თებერვლის თვეში ესტუმრა.
მაშინ წყვილი სასტუმრო La Mamounia-ში გაჩერდა. ივის და პიერის მარაქეშის სიყვარულის ისტორიაც აქედან იწყება. მალე ამ ქალაქში პირველი უძრავი ქონება – „Dar el-Hanch“-იც შეიძინეს, რაც არაბულად „გველის სახლს“ ნიშნავს. სასადილო ოთახის ერთ-ერთ კედელს ივის დახატული გველის გამოსახულება აფორმებდა. გველები იყო გამოსახული მისალოც ბარათებსა და წერილებზეც, რომლებსაც ის თავის მეგობრებს უგზავნიდა.
„ამ სახლში ბევრი ბედნიერი მომენტი გვაქვს გატარებული.“
პიერ ბერჟე
სახლი 1974 წელს თავიანთ მეგობარ ფერნანდო სანჩეზს მიჰყიდეს. თავად კი ჟარდენ მაჟორელთან ახლოს მდებარე „Dar Es Saada“ (“ბედნიერების სახლი”) შეიძინეს. 1980 წელს პიერი და ივი დემონტაჟის საფრთხის ქვეშ მყოფი ჟარდენ მაჟორელის მფლობელებიც გახდნენ მომიჯნავე ვილასთან ერთად, რომელსაც „ვილა ოაზისს“ უწოდებდნენ. მისი რენოვაცია არქიტექტორ ბილ უილისს ანდეს. 2000 წელს მედისონ კოქსის მიერ ჟარდენ მაჟორელის რეკონსტრუქცია განხორციელდა და ის ახლა მაროკოში ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებული ადგილია.
ივს არაერთხელ უთქვამს, რომ მან ფერები სწორედ მარაქეშში აღმოაჩინა.
„მას შემდეგ, რაც სინათლისა და ფერების მიმართ ჩემი მგრძნობელობა გაიზარდა, ფერების ხიბლი დავინახე… მარაქეშის ყოველი ქუჩის კუთხეში შეხვდებით ვარდისფერ, ლურჯ, მწვანე და იასამნისფერ სამოსში გამოწყობილ ქალებისა და კაცების გასაოცრად ნათელ ჯგუფებს.“
ივ სენ ლორანი
მარაქეში ივ სენ ლორანის მუდმივი შთაგონების წყარო გახდა. მას ლეგენდარული დიზაინერი წელიწადში ორჯერ – დეკემბერსა და ივნისში – სტუმრობდა და თავის მორიგ კოლექციაზე მუშაობას იწყებდა, პარიზში კი ახალი ფერადი იდეებით ბრუნდებოდა.
2017 წელს მარაქეშში ივ სენ ლორანის მუზეუმი გაიხსნა. პიერ ბერჟეს თქმით, ბუნებრივი იყო დიზაინერის შემოქმედებაში მიძღვნილი სამუზეუმო სივრცის შექმნა ქალაქში, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.
„სამოც, სამოცდაათიან წლებში მათ მარაქეშის შესახებ მითი შექმნეს. მაროკოელებს მრავალი წელი დასჭირდათ მარაქეშის გასაგებად. სინამდვილეში, ქალაქის პოტენციალი ადამიანების ამ ჯგუფმა გამოავლინა. მათ ადგილობრივი კულტურა შეუყვარდათ და ის გარე სამყაროს გააცნეს.“
ჟარდენ მაჟორელის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ქიტო ფიერო.
© Harper’s Bazaar / Nicolas Mathéus
ივ სენ ლორანის და მაროკოს სასიყვარულო ისტორია ახალი ფორმით კვლავ გრძელდება. მოდის სახლის ამჟამინდელმა კრეატიულმა დირექტორმა ენტონი ვაკარელომ 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაცის კოლექცია აგაფაის უდაბნოს ჯადოსნურ მიდამოებში წარადგინა. შთამბეჭდავი გარემოს მოწყობაზე ლონდონში მომუშავე სცენის დიზაინერმა ესმერალდა „ეს“ დევლინმა იზრუნა. სანახაობა კიდევ უფრო დრამატული გახდა, როდესაც ჩვენების ფინალში წყლის აუზიდან განათებული წრე მაღლა აღემართა. სეტი შთაგონებული იყო პოლ ბოულსის 1949 წლის ნოველით – „ცის საფარქვეშ.“ ამონარიდების წაკითხვა შეეძლოთ როგორც ადგილზე მყოფებს ჩვენების ჩანაწერებში, ისე ონლაინ მაყურებლებს პრეზენტაციის ბოლოს.
ენტონისთვის ეს ყველაზე პერსონალური კოლექცია იყო. მასზე მუშაობისას თავის ბელგიურ ფესვებს დაუბრუნდა, რომლის გაერთიანებასაც სენ ლორანის მემკვიდრეობასთან შეეცადა. კოლექცია ძირითადად შავ ფერში შექმნა, რადგან, როგორც თავად ამბობს, შავი ყველაზე უკეთ იძლევა სილუეტის დანახვის შესაძლებლობას. „განსაკუთრებით უდაბნოში, სადაც ის მკაფიოდ ჩანს, თითქოს ესკიზია,“ – აღნიშნა დიზაინერმა.
ჩვენების ჩანაწერი