მაღალი მოდის (Haute Couture) სამშობლო საფრანგეთშია. ოტ კუტიურის ცნება, რომელსაც მკერვალობის უმაღლეს დონედ მოვიხსენიებთ, პირველად, მე-19 საუკუნეში, სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გაჩნდა, თუმცა ფრანგულ კულტურაში მოდის მნიშვნელობის ზრდას უკვე თითქმის 6 საუკუნოვანი ისტორია აქვს. დღემდე თანამედროვე მოდას მეტწილად სწორედ ფრანგული, ან საფრანგეთში დაფუძნებული ბრენდები განსაზღვრავენ. ინდუსტრიაში გავრცელებული მოსაზრებით, თუ დიზაინერს ფრანგულ მოდაში კარი გაუღეს, მაშინ, ითვლება, რომ მისი კარიერა შედგა. ხშირ შემთხვევაში, ზემოთხსენებულის სისწორეს ისტორიაც ნათლად გვაჩვენებს. საკმარისია გავიხსენოთ გასული ათწლეული. მოდაში მნიშვნელოვანი მომენტების უმრავლესობა მოხდა პარიზში, იქნება ეს ფიბი ფაილოს Celine-ს ესთეტიკის ფენომენად ქცევა, რომელმაც შთააგონა დიზაინერები განვითარებული მსოფლიოს ყველა კუთხეში, ქუჩის სტილის ბრენდების აღმავლობა, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ძვირადღირებული მოდის იდეა, თუ ვარსკვლავების მოდაში ჩართულობის ახალ საფეხურზე აყვანა, რაც ძირეული ცვლილებების საფუძველი გახდა მოდის ბრენდების მარკეტინგის გუნდების მიდგომაში.

შემთხვევითობა არ გახლავთ, რომ მოდაში ყველაზე მდიდარი კაცი სწორედ საფრანგეთიდანაა. ქვეყანაში, რომელსაც ვუწოდებთ მოდის დედაქალაქს, ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების მთავარი წყარო მოდაა. ბერნარ არნო, ალბათ, მისი სახელი ერთხელ მაინც გსმენიათ, Bloomberg-ის მომენტის მონაცემებით, მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარ ადამიანში, ერთადერთი ფრანგია.

ბერნარ არნო დაიბადა ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ რუბეში, 1949 წლის 5 მარტს. მამამისი, ჟან ლეონ არნო პროფესიით მწარმოებელი იყო და ფლობდა ადგილობრივ სამშენებლო კომპანიას. შეიძლება ითქვას, რომ მამის საქმიანობის გამო, ბიზნესის ფლობის და მართვის საკითხები ბერნარის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შეიჭრა. არნომ დაწყებითი კლასები მშობლიურ ქალაქში, რუბეში ისწავლა, ხოლო მოგვიანებით, ჩააბარა პოლიტექნიკურ სკოლაში, სადაც ხარისხი საინჟინრო მეცნიერებაში დაიცვა. სწავლის დასრულების შემდეგ, უკვე განათლებულმა და იდეებით სავსე ახალგაზრდამ მამის ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი, რაც ბერნარმა თავის ბრწყინვალე კარიერაში გადადგა იყო მამამისის დარწმუნება, გაეუქმებინათ მშენებლობები და თანხა უძრავ ქონებაში ჩაედოთ. შედეგი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. სწორედ ამ მომენტიდან, არნოების მცირე ბიზნესი გახდა მნიშვნელოვანი. 1979 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბერნარი ბიზნესს მთლიანად დაეუფლა.

1981 წელს, ფრანგი სოციალისტების იძულებით, ბერნარს, ოჯახთან ერთად, ამერიკაში გადასვლა მოუწია. მიუხედავად მოულოდნელად შექმნილი რეალობისა, არნოს ბიზნესისთვის ეს ცვლილება აღსანიშნი კრიზისის მომტანი არ ყოფილა, პირიქით, მან ფეხი მოიკიდა შტატებშიც. საბოლოოდ, ფრანგი სამშობლოში 2 წელში, 1983 წელს დაბრუნდა, როდესაც საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ ეკონომიკის უფრო კონსერვატული კურსი აირჩია. სწორედ 1983 წელს ბერნარ არნომ გადადგა პირველი ნაბიჯი, რომელმაც ის მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსამდე მიიყვანა.

იღბალი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში, ალბათ დამეთანხმებით, თუმცა წარმატება მხოლოდ იღბალზე არ არის დამოკიდებული. თუ ადამიანს არ აქვს უნარი დაინახოს შესაძლებლობები, რომლებიც ეძლევა, მაშინ, ლოდინი ცხოვრების ბოლომდე მოუწევს. ისინი კი, ვისაც აქვთ ხედვა, რომ წარმოიდგინონ მომავალი, ლიდერებად გვევლინებიან. საფრანგეთში დაბრუნებულმა არნომ, შეიტყო, რომ სპეციალიზირებული ქსოვილების სფეროში წამყვანი კომპანია, Boussac გაკოტრდა. ბერნარმა უდიდესი პოტენციალი დაინახა ამ მიმართულებით და გადაწყვიტა, რომ გაკოტრებული ბუსაკი შეეძინა. მთავარი მიზეზი, თუ რატომ გადადგა ფრანგმა ბიზნესმენმა ეს ნაბიჯი იყო Christian Dior -ის ხელში ჩაგდება, რომელსაც იმ პერიოდში ბუსაკი ფლობდა.

ლეგენდარულმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა აღიარება New Look -ის შემდეგ მოიპოვა, 1950-იან წლებში, თუმცა მისი გარდაცვალების და ივ სან ლორანთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, ბრენდმა აქტუალობა დაკარგა. ამიტომ, გასული საუკუნის 80-იან წლებში, დიორი მოდის გავლენიან მოთამაშედ არ მოიაზრებოდა. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც Dior-ის პოტენციალის ხელახლა ირწმუნა, სწორედ ბერნარ არნო იყო. ის ფიქრობდა, რომ დიორს ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო მოდის სახლი, რომელსაც განურჩევლად სეზონის, წლის, გარემოების, მაინც შეიძენდნენ. და ეს ასეც მოხდა. 1985 წელს, არნომ მიზანს მიაღწია, ის გახდა დიორის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

ძვირადღირებული ქსოვილების და ტანსაცმლის ინდუსტრიაში პირველი წლების შემდეგ, ბერნარი დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორში და მოდაში დიდი ხნით დარჩენა განიზრახა. მისი იდეა იყო ერთი კომპანიის ქვეშ გაეერთიანებინა წარმატებული ბრენდები, თუმცა 1985 წელს, ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ როგორ უნდა მოეყვანა ამბიციური გეგმა სისრულეში. გარემოებები შეიცვალა მაშინ, როდესაც ბერნარი მიიწვიეს პროექტის ინვესტორად, რომელსაც Louis Vuitton -ის და Moët Hennessy-ს გაერთიანებით, ახალი კომპანია უნდა შეექმნა. არნო წინადადებას მალევე დათანხმდა და პირველი ინვესტიციის სახით, 1.8 მილიარდი დოლარი გაიღო. ამგვარად, 33 წლის წინ, პარიზში, შეიქმნა LVMH (Louis Vuitton Moët Hennessy), რომელიც დღეს, 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მოდის ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი კონგლომერატია.

ბერნარ არნო

LVMH -ის დაარსებიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, არნომ რადიკალური საკადრო ცვლილებები განახორციელა. მან თითქმის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ახალი ადამიანები დანიშნა. ამასთან ერთად, ის საკმაოდ დიდ დროს და რესურსს ხარჯავდა მაღალი მოდის ისტორიის სიღრმისეულად შესწავლაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მისი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. სხვა ბიზნესმენებთან შედარებით, ბერნარი ყოველთვის უფრო სწორად ხედავდა და აფასებდა დიზაინერების შესაძლებლობებს. გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი. პერი ელისის სკანდალის შემდეგ, ბრენდიდან გაგდებული მარკ ჯეიკობსი, ბერნარმა ლუი ვიტონის შემოქმედებით დირექტორად დანიშნა, ახალგაზრდა, ყველასთვის უცნობ დიზაინერს, ჯონ გალიანოს ჟივენშის ბრენდის მართვა ანდო, ხოლო გალიანოს დიორში გადასვლის შემდეგ, ეს თანამდებობა ლი ალექსანდრ მაკქუინისთვის გაიმეტა. ის არ არის შემოქმედი, მაგრამ აქვს ხედვა, რომლითაც განსაკუთრებულ შემოქმედებს ამჩნევს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ წარმატების შემდეგ, არნო დიზაინერების არჩევაში ნაკლებად რისკიანი და მეტად ფრთხილიც გახდა. მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ იმ ბრენდების სტაბილურობის მნიშვნელობა და სიდიადე, რომლებსაც დღეს ის მართავს, ფლობს სრულად, ან ნაწილობრივ. გასული საუკუნის, 80-იან და 90-იან წლებში, მას დასაკარგი, რა თქმა უნდა, ჰქონდა, თუმცა არა იმდენი, რამდენიც დღეს. რადიკალური ცვლილებები, დიდი რისკის შემცველი ნაბიჯები, როდესაც სასწორზე 100 მილიარდი დოლარი დევს, ალბათ, მიზანშენწონილი არც არის.

Louis Vuitton-ის და Christian Dior-ის გავლენიან მოდის სახლებად ხელახლა ჩამოყალიბების პროცესში, ბერნარი ინტერესდებოდა სხვა უფრო ნიშური ბრენდებით და კოსმეტიკის კომპანიებითაც. 1990-იან წლებში, LVMH -ის სახელით, არნომ შეიძინა: Givenchy, Kenzo, Loewe და Sephora. რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა 2000-იანების დასაწყისში. 2017 წელს, ფრანგმა ბიზნესმენმა ინვესტიცია განახორციელა რიანას კოსმეტიკის ხაზში. პოპულარული Fenty Beauty, რომლის პირველი თვის გაყიდვები 100 მილიონ დოლარს გაუტოლდა, სწორედ LVMH-ის პატრონაჟით შეიქმნა. ბერნარი ფლობს რიანას ტანსაცმლის ბრენდის, Fenty -ს საკონტროლო წილსაც. სულ ახალხანს კი, პანდემიის აფეთქებამდე 2 თვით ადრე, არნოს და  Tiffany&Co-ს შორის გახმაურებული 16.2 დოლარად შეფასებული გარიგება შედგა. ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, LVMH 75 ბრენდს აერთიანებს და მსოფლიოში მოდის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის უდიდესი კომპანიაა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბერნარმა თავის დიდებულ კარიერაში პირველი ნაბიჯები მამის და ბაბუის შექმნილ სამშენებლო კომპანიაში გადადგა, ის ბიზნესს ყოველთვის აღიქვამდა, როგორც ოჯახს. მის ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ:

“მთავარი სიტყვა ჩვენს ჯგუფში არის სურვილი და ‘როგორ ქმნი სურვილს?’ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ, თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეს ეიფორიული ზრდა შეიძლება კიდევ 10 წელი გაგრძელდეს, თუმცა არა სამუდამოდ… მუდმივად ვაგრძელებთ ინვესტირებას საფრანგეთში და ყოველთვის დიდ ყურადღებას მივაქცევთ ხარისხს. შეგვიძლია უფრო სწრაფად გავზარდოთ, თუმცა არა იმდენად, რომ ამით ჩვენს პროდუქტს ხარისხი მოაკლდეს… LVMH ისევ დასახელდა საფრანგეთში ყველაზე მიმზიდველ კომპანიად! ჩვენს ჯგუფში ოჯახის ელემენტი გვაქვს – ის არ იმართება ანონიმური ჯგუფის მიერ. LVMH-ში ყველა ბრენდი ოჯახის გახდა და სწორედ ეს ოჯახის სული გვინდა შევინარჩუნოთ.”

LVMH-ის, როგორც საოჯახო ბიზნესის მართვაში ჩართულია ბერნარის ოთხივე შვილი: დელფინ არნო (Louis Vuitton -ის ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი), ანტუან არნო (Berluti-ს გენერალური დირექტორი და Loro Piana-ს თავმჯდომარე), ალექსანდრ არნო (Rimowa-ს გენერალური დირექტორი) და ყველაზე უმცროსი, ფრედერიკ არნო (Tag Heuer-ის გენერალური დირექტორი).

ბერნარ არნოს შვილები

როგორი იქნება მოდის ინდუსტრია 10, 20, 30 წელში, ეს კითხვა ხშირად ისმის, ბევრი ღიად აღნიშნავს, რომ არნოების მონოპოლია ჯერ მხოლოდ იწყება და ის არც ბერნარის ბიზნესიდან წასვლის შემდეგ შეჩერდება, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ ცხადია, ბერნარ არნო მდიდრული, ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის პროდუქციის, ე.წ. “Luxury Goods“-ის ბიზნესის უკონკურენტო ლიდერია, რომლის მსგავსი, შესაძლოა კიდევ ათწლეულები არ გამოჩნდეს.