რიანას კარიერული დომინაცია გრძელდება. ოსკარის ნომინაციისა და Superbowl-ის შემდეგ, მომღერალი ბრიტანული ვოგის ახალ ნომერს ოჯახთან ერთად ამშვენებს.
ვრცელ ინტერვიუში, რიანამ დედობაზე, საორსულე სტილზე, Fenty-სა და რა თქმა უნდა, ახალ ალბომზე ისაუბრა. ინტერვიუს ჩაწერისას, რიანამ არ იცოდა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. კითხვაზე, სურს თუ არა კიდევ შვილები, მისი პასუხი იყო, “ვერ გეტყვით,” თუმცა ინტერვიუერმა, გილს ჰატერსლიმ მომღერალს შეახსენა, რომ 2019 წელს მან აღნიშნა, რომ 3 ან 4 შვილი უნდოდა. “ჯანდაბა, მართლაც ფრთხილად უნდა იყო, თუ რა გსურს”, ხუმრობით აღნიშნა რიანამ.
“[მშობიარობამდე] ცხოვრების გახსენებას ვცდილობ. შეგრძნებები, სურვილები, ყველაფერი მიმავიწყდა. ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვხვდები, რომ წარსულს არ აქვს მნიშვნელობა.” რიანამ ასევე დაამატა, რომ მშობიარობამ კარგად ჩაიარა. “სახლში მალევე გამოგვიშვეს. ცოტა არ იყოს, შოკში ვიყავი. სახლში გვიშვებთ? მარტო? პატარასთან ერთად? რა უნდა ვქნათ? [იცინის] მაგრამ, თავი გავართვით.”
რიანას ორსულობის სტილზე მთელი მსოფლიო საუბრობდა. “ძალიან მომწონდა ორსულობისას ლუქების მორგება. მშობიარობის შემდეგ, ბევრად რთული იყო რამის შერჩევა. კვირების განმავლობაში სპორტულის გარდა არაფერი მეცვა. ჩემს გარდერობში ტანსაცმელი ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა იყო. მოკლე პერიოდისთვის ბევრი რამის ყიდვა არ მინდოდა, ვიცოდი რომ მათ ვეღარ ჩავიცვამდი, თუ, რა თქმა უნდა, კიდევ არ დავორსულდები.” სიტყვებთან სიფრთხილე ნამდვილად საჭიროა.
როდესაც წელს რიანას Superbowl-ზე გამოსვლა კვლავ შესთავაზეს, რიანას შვილი სულ რაღაც 6 თვის იყო. 2018 წელს, მან პერფორმანსზე უარი თქვა კოლინ კაპერნიკის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკის ჰიმნზე პროტესტის ნიშნად ცალ მუხლზე იდგა. კაპერნიკი ამერიკაში აფრო-ამერიკელების მიმართ პოლიციის მხრიდან სისასტიკეს აპროტესტებდა და მას მხარი, რიანას გარდა, ბევრმა სელებრითმა დაუჭირა. მას შემდეგ რა შეიცვალა? “ჩემი აზრით ამ ქვეყანაში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერზე უარის თქმით არაფერი გამოვა. პრეცედენტები უნდა შეიქმნას, რათა ხალხის ცნობიერება ამაღლდეს. ორი წელი ზედიზედ [რიანა საუბრობს შარშანდელ ჰედლაინერებზე] სცენაზე აფრო-ამერიკელი არტისტები უკვე დიდი მიღწევაა.”
რა თქმა უნდა, ინტერვიუს ახალ ალბომზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. რიანას ბოლო ალბომი, ANTI 2016 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, მის ცხოვრებაში გაჩნდა Fenty Beauty, Fenty Skin, Fenty (LVMH-ის დაფინანსებული მოდის სახლი, რომელიც მალევე დაიხურა), Savage x Fenty და ახლა უკვე, შვილი. Fenty Beauty, რომლის ნახევარსაც მუსიკოსი ფლობს, 2.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ხოლო Savage x Fenty – 1 მილიარდ დოლარად.
“როდესაც ANTI-სნაირ ალმობს ქმნი… ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ალბომია, რომელიც მე შევქმენი. იმ მომენტში, ეს გააზრებული არ მქონდა. ამის გამო, საკუთარ თავს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვაყენებ. თუ ANTI-ზე უკეთეს ალბომს ვერ შევქმნი, მაშინ რა აზრი აქვს? ვიცი, რომ ეს მიდგომა ტოქსიკურია, თუმცა ასე ვფიქრობ.”
როგორც აღმოჩნდა, გასული 7 წლის განმავლობაში, რიანას ბევრი სიმღერა აქვს ჩაწერილი, რომლებმაც დღის შუქი ჯერ კიდევ არ იხილეს. ვიზუალური მხარის გარეშე, მას არ სურს ალბომის გამოშვება. “მსურს ეს წელს მოხდეს, ძალიან დამწყდება გული, წელს რომ ვერ შევძლო ამის გაკეთება.” თუმცა, როგორც აღვნიშნე, ინტერვიუს მსვლელობისას, რიანამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა.
Vogue დიდი ბრიტანეთი – მარტი 2023
ფოტოგრაფები: Inez & Vinoodh
სტილისტი: Edward Enninful