არიზონაში, State Farm Stadium-ზე ხმაურიანად დაანონსებული Super Bowl-ის ფინალი გაიმართა. Super Bowl Halftime Show-ს შემსრულებელი წელს რიანა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ რიანა სცენაზე დაახლოებით შვიდი წელია არ გამოჩენილა, ამ მოვლენას ყველა განსაკუთრებით ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა შოუს მუსიკალური პროგრამა, რიანას ვოკალური, თუ ქორეოგრაფიული მომზადება და მისი კოსტიუმი, საბოლოოდ შოუზე ყურადღების ცენტრში სრულიად სხვა დეტალი აღმოჩნდა. რიანა ორსულად არის და მეორე ბავშვს ელოდება. ეს ამბავი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ვარსკვლავს წითელ კოსტიუმში გაზრდილი მუცელი ეტყობოდა. შოუს შემდეგ კი, რიანას წარმომადგენელმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ შოუს ესწრებოდა რიანას მეგობარი ბიჭი და მისი ბავშვის მამა, რეპერი A$AP Rocky. ორსული რიანას სცენაზე დანახვას ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არაერთი მიმი. შეგახსენებთ, რომ რიანამ პირველი ბავშვი 2022 წლის მაისში გააჩინა. მისი ორსულობა ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა.