LVMH ყოველწლიურად ახალი ბრენდებისა და დიზაინერების მხარდასაჭერ კონკურსს ატარებს, რომელსაც LVMH Prize-ის სახელით ვიცნობთ. ამ კონკურსში მონაწილეობა მიღებული აქვს დღეს აქტუალური დიზაინერების საკმაოდ დიდ ნაწილს. მათ შორის არიან: შეინ ოლივერი, გრეის უელს ბონერი, მარინ სერი, თებე მაგუგუ, სიმონ ჟაკმუსი, დემნა, ვირჯილ აბლო, მაქსიმილიან დევისი, მარტინ როუზი, ნენსი დოჯაკა, ქოლმ დილანი და სხვები.

წელს LVMH Prize-ის აპლიკანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯამში დიზაინერების ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 2,400-ზე მეტმა მსურველმა შეიტანა. გასულ წელს აპლიკანტების რაოდენობა დაახლოებით 1,900-ს შეადგენდა.

“დაარსების მომენტიდან, Prize-ის იდეა მომავლის ტალანტების შემჩნევის ხელშეწყობა იყო,” განაცხადა დელფინ არნომ, Christian Dior-ის გენერალურმა დირექტორმა. “10 წლის შემდეგ, მან საშუალება მისცა ასობით, თუ არა ათასობით ახალგაზრდა დიზაინერს, რომ თავიანთი კარიერა და კრეატიულობა განევითარებინათ.”

დღეს ცნობილი გახდა LVMH Prize-ის მე-10 გამოშვების ნახევარფინალისტების ვინაობა. 2023 წელს ეს პატივი 22 დიზაინერს ერგო.

ისინი მსოფლიოს მრავალი წერტილიდან არიან: კანადიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ესტონეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ნიგერიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ტაივანიდან, შვედეთიდან და პირველად – ბრაზილიიდან და იამაიკიდან. ნახევარფინალისტებს შორის მოხვდა ჯული პელიპასიც უკრაინიდან, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. “ძალიან ბედნიერები ვართ 22 ნახევარფინალისტს შორის უკრაინელი კანდიდატის, ჯული პელიპასის, თავის გადამამუშავებელ ბრენდ Bettter-თან ერთად მიღებით,” – აღნიშნა არნომ.

რვა ფინალისტი მომდევნო თვის დასაწყისში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამოვლინდება. ამისთვის ნახევარფინალისტები თავიანთ კოლექციებს პრესის წარმომადგენლებს და ექსპერტებისგან შედგენილ კომისიას 2 და 3 მარტს წარუდგენენ. ექსპერტებს შორის ვხვდებით ქასთინგ დირექტორ პიერჯორჯო დელ მოროს, “ვოგის” რედაქტორ ტიფანი გოდოის, სტილისტ ჰარი ლამბერტს და ა.შ.

Piergiorgio Del Moro, Tiffany Godoy, Gabriella Karefa-Johnson, Lina Kutsovskaya, Harry Lambert, Law Roach

დიზაინერების აღმოჩენის და ფავორიტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ასევე ექნება ნებისმიერ ადამიანს Lvmh Prize-ის ვებ-გვერდზე.

გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 300,000 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, მას LVMH-იდან მენტორობას გაუწევენ შემდეგი მიმართულებებით: ფინანსები, წარმოება, მარკეტინგი, კომუნიკაციები, მდგრადობა და იურიდიული საკითხები. ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება Karl Lagerfeld Prize-ის მფლობელიც, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 150,000 ევროს ოდენობით. მას ასევე ერთი წლის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ LVMH-ის ექსპერტები.

2023 წლის LVMH Prize-ს ნახევარფინალისტების სრული სია

Aaron Esh, მამაკაცის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Aaron Esh გაერთიანებული სამეფოდან. 

Anne Isabella, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Anne Isabella Rasmussen საფრანგეთიდან. 

Bettter, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Julie Pelipas უკრაინიდან.

Bloke, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Faith Oluwajimi ნიგერიიდან.

Burc Akyol, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Burc Akyol საფრანგეთიდან. 

Charlie Constantinou, მამაკაცის სამოსის და უნისექს ბრენდი, დიზაინერი Charlie Constantinou გაერთიანებული სამეფოდან.

Diotima, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Rachel Scott იამაიკიდან.

Joao Maraschin, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Joao Maraschin ბრაზილიიდან.

Johanna Parv, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Johanna Parv ესტონეთიდან.

Juntae Kim, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Juntae Kim სამხრეთ კორეიდან.

Karu, მამაკაცის სამოის ბრენდი, დიზაინერი: Kartik Kumra ინდოეთიდან.

Kusikohc, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Cho Giseok სამხრეთ კორეიდან.

Louis Shengtao Chen, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Louis Shengtao Chen ჩინეთიდან.

Luar, ქალის სამოსის, მამაკაცის სამოსის და უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Raul Lopez შეერთებული შტატებიდან.

Magliano, მამაკაცის სამოსის და უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Luca Magliano იტალიიდან.

Marrknull, მამაკაცის სამოსის ბრენდი, დიზაინერი: Wei Wang Tian Shi ჩინეთიდან.

Namesake, მამაკაცის სამოსის ბრენდი, დიზაინერები: Steve Hsieh, Michael Hsieh და Richard Hsieh ტაივანიდან.

Paolina Russo, ქალის სამოსის ბრენდი, დიზაინერები: Paolina Russo და Lucile Guilmard კანადიდან.

Quira, ქალის სამოსის ბრენდი, დიზანერი: Veronica Leoni იტალიიდან.

Setchu, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Satoshi Kuwata იაპონიიდან.

Stinarand, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Stina Randestad შვედეთიდან.

Wataru Tominaga, უნისექს ბრენდი, დიზაინერი: Wataru Tominaga იაპონიიდან.