ბევრისთვის თმის მოვლა სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ამ სფეროში მიღებული რეკომენდაციები ხშირად მითებს ეფუძნება. ზოგი მათგანი იმდენად გავრცელებულია, რომ არც გვახსოვს, პირველად მის შესახებ სად გავიგეთ და მის ჭეშმარიტებაშიც სრულიად დარწმუნებული ვართ. ამას ემატება სოციალური ქსელების ეპოქა, როცა TikTok-ზე, Instagram-ზე თუ YouTube-ზე ათასობით რჩევას ვაწყდებით. ბევრი მათგანი დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ რეალურად მხოლოდ მითზეა აგებული.

სინამდვილეში, თმის მოვლა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ გავრცელებული მოსაზრებები რეალური ფაქტებისგან და სწორად შევარჩიოთ პროდუქტი თუ მოვლის რუტინა.

ამ სტატიაში Profbeauty-სთან ერთად გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ მითებს თმის მოვლის შესახებ, მოგიყვებით, რა დგას მათ მიღმა და გაგიზიარებთ მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებულ რეალობას, რომლებიც თმაზე სწორად ზრუნვაში დაგეხმარებათ.

მითი: „თუ ხშირად შეიჭრი ბოლოებს, თმა უფრო სწრაფად გაიზრდება.”

რეალობა:სინამდვილეში თმის ზრდა ხდება ფოლიკულიდან, რომელიც თავის კანის ქვეშ მდებარეობს. სწორედ აქ იქმნება ახალი უჯრედები და ასე ემატება თმას სიგრძე. ბოლოების ხშირ შეჭრას ან თმის დამოკლებას ამ პროცესზე გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, რეგულარული შეჭრა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა მიზეზით: როდესაც ბოლოები იყოფა და ფუჭდება, დაზიანება ზემოთ მიიწევს და თმას დაზიანებულ იერს აძლევს. სწორედ ამიტომ, ბოლოების მოჭრა ჯანსაღი და მოვლილი თმის გარანტიაა, თუმცა სიგრძის ზრდას ის ნამდვილად ვერ დააჩქარებს.

მითი: „თმის აღმდგენი ზეთები და ნიღბები ყველა დაზიანებას კურნავს.”

რეალობა: ზეთები მართლაც საოცრად სასარგებლოა – ისინი თმას ბზინვარებას ანიჭებენ, არბილებენ, იცავენ დაზიანების გარე ფაქტორებისგან, მაგრამ მათი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია. მაგალითად, როგორი ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს ზეთი, ის ვერ აღადგენს უკვე დამტვრეულ თმის ღერს და გაყოფილ ბოლოებს. ზეთებს და ნიღბებს შეუძლიათ დაზიანების პრევენცია, მაგალითად, გამოშრობისას დაატენიანონ თმა, ან შეაჩერონ დაზიანების პროცესი საწყის ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ამ საშუალებების რუტინაში ინტეგრირება და მათი პრევენციული გამოყენება მნიშვნელოვანია, სანამ შეუქცევადი შედეგი დადგება. გვახსოვდეს, რომ ზეთები, ნიღბები და მსგავსი პროდუქტები შესანიშნავია პროფილაქტიკისთვის და ვიზუალური ეფექტისთვის.

დაათვალიერეთ წამყვანი ბრენდების თმის ზეთები Profbeauty-ს კატალოგიდან.

მითი: „პარაბენები საშიში ქიმიკატებია და აუცილებლად უნდა ავირიდოთ.“

რეალობა: პარაბენები უკვე ათწლეულებია, რაც კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება. მათი მთავარი ფუნქცია პროდუქტის ბაქტერიებისა და სოკოებისგან დაცვაა. ბოლო წლებში გავრცელდა აზრი, რომ პარაბენები ჯანმრთელობისთვის მავნეა, თუმცა სამეცნიერო კვლევები დღემდე ვერ ადასტურებს, რომ კოსმეტიკაში გამოყენებული მცირე, შესაბამის რეგულაციას დაქვემდებარებული დოზები საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. უსაფრთხოების ნორმები მკაცრად რეგულირდება და ყველა ბრენდს აქვს ვალდებულება, ეს სტანდარტი დაიცვას. პარაბენებისგან თავისუფალი პროდუქტები უფრო მომხმარებლის არჩევანია, ვიდრე მეცნიერულად დადასტურებული უსაფრთხოების ნორმა. ასე რომ, პარაბენების მიმართ შიში უფრო მითი და მარკეტინგული სტრატეგიით გამოწვეული შედეგია, ვიდრე ფაქტი.

დაათვალიერეთ წამყვანი ბრენდების შამპუნები Profbeauty-ს კატალოგიდან.

მითი: „თმის ცვენას შამპუნის გამოცვლა შველის.“

რეალობა: თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია. ჩვენი თმის თითოეული ღერი თავის ციკლს გადის: ზრდა, დასვენება, ცვენა. შესაბამისად, დღეში 50–100 ღერი თმის დაკარგვა სრულიად ნორმალურია და ეს შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს. ჭარბი ცვენა ჩვეულებრივ გამოწვეულია უფრო სერიოზული ფაქტორებით: სტრესით, ჰორმონალური ცვლილებებით, კვების დარღვევით ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით. შამპუნი აქ მხოლოდ ზედაპირულ ეფექტს ახდენს: თუ ძალიან უხეშია ან თავის კანს აშრობს, შეიძლება დროებით გავლენა ჰქონდეს, მაგრამ ის ხანგრძლივი თმის ცვენაე ნამდვილად ვერ გამოიწვევს. შესაბამისად, ვერც შამპუნის შეცვლა მოაგვარებს თმის ცვენის პრობლემას. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად დაადგინოთ მიზეზი. 

მითი: „თუ თმას ხშირად დაივარცხნი, უფრო ჯანსაღი გახდება.“

რეალობა: თმის დავარცხნა აუცილებელია – ის ანაწილებს ბუნებრივ ცხიმს მთელ სიგრძეზე და თმას უფრო მოვლილ იერს აძლევს. მაგრამ მთავარია ზომიერება: ზედმეტი ვარცხნა მექანიკურად აზიანებს ბოჭკოს, იწვევს მტვრევას და ბოლოების გაყოფას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გამოიყენება უხეში ან არასწორი ჯაგრისი. რეკომენდებულია დღეში ერთხელ ან ორჯერ დავარცხნა, საჭიროებისამებრ. ბევრად მნიშვნელოვანი კი  ვარცხნის ტექნიკა და ინსტრუმენტია – ასე თმას არა მხოლოდ მოვლილი ვიზუალური იერი ექნება, არამედ რეალურად უფრო ჯანმრთელიც იქნება.

დაათვალიერეთ სავარცხლის კოლექცია Profbeauty-ს კატალოგიდან.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც ყველა საკითხში, მითებისგან თავის არიდების კარგი საშუალებაა ფაქტების გადამოწმება და მეცნიერული მონაცემების გაცნობა. მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით შეიძლება დადგინდეს ჩვენი ჯანმრთელობისა და მათ შორის თმის თავისებურებები. უნდა გვახსოვდეს, რომ თმის სიჯანსაღისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რუტინის შედგენაა.