
1997 წლის დასაწყისში, პრინცესა დიანამ გარდერობში ადგილის გამოთავისუფლება გადაწყვიტა. ახალგაზრდა პრინც უილიამთან კონსულტაციის შემდეგ, მან კოქტეილის და საღამოს 79კაბა აუქციონზე გაიტანა, რომლებიც მას უელსის პრინცესის ტიტულის ტარების პერიოდში ეცვა. შემოსული თანხა პრინცესა დიანამ AIDS Crisis Trust-სა და Royal Marsden Hospital-ს ჩაურიცხა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც დიანამ მაშინ გაყიდა, მისი საყვარელი იასამნისფერი კაბა იყო, რომელიც მას რამდენჯერმე ეცვა. აღნიშნულ კაბაში პრინცესა დიანას ფორმალური პორტრეტებიც შეიქმნა, რომლებიც დღესაცაა გამოფენილი როიალ მარსდენში, სადაც დიანა პრეზიდენტი 8 წლის განმავლობაში იყო.

გასულ პარასკევს, სოთბის აუქციონზე ეს კაბა 604,800 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნია, რომ 1997 წლის აუქციონზე კაბაში 24,150 დოლარი გადაიხადეს. სოთბის წინასწარი შეფასებით, კაბის ფასი 80,000-120,000 დოლარის ფარგლებში ფასდებოდა, თუმცა საბოლოოდ, კაბა თითქმის 6-ჯერ მეტად გაიყიდა.

ვიქტორ ედელსტეინის მიერ შექმნილი საღამოს კაბა 1980-იანი წლების ბოლოსაა შექმნილი და სოთბის მოდისა და აქსესუარების გლობალური დირექტორის, სინტია ჰოლტონის თქმით, მისი დიზაინი მარადიულია. “როდესაც აღნიშნულ კაბაზე ფიქრობ, ხვდები, რომ მისი დიზაინი აქტუალურობას არასდროს კარგავს. თითქოს ასეთი კაბები 100 წლის წინ ეცვათ, თუმცა ასეთი კაბები დღესაც აცვიათ.” – ამბობს ის.
ამ ეტაპზე მყიდველის ვინაობა უცნობია. შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანას იასამნისფერი ატალას ჯვარი დეკემბერში, ასევე სოთბიმ აუქციონზე გამოიტანა და ის კიმ კარდაშიანმა 197,453 დოლარად შეიძინა.