And Just Like That-ის ახალი სეზონის ფინალურ სერიაში კიმ კეტრელი სამანტა ჯონსი პერსონაჟით დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ სცენა სულ რაღაც 74 წამი გრძელდებოდა, ეს მომენტი სერიალის მაყურებლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. სხვადასხვა მედიაგამოცემა იმაზეც საუბრობს, რომ სერიალის მთავარი გმირის სტატუსი სწორედ სამანტა ჯონსმა დაიმსახურა. კიმ კეტრელის პროექტში დაბრუნებას HBO დიდხანს ცდილობდა, თუმცა მსახიობმა Sex And The City-ის შემოქმედებით გუნდთან კონფლიქტის გამო, მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ წლების წინ განაცხადა. კიმმა უარის მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა – განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა ტოქსიკური სამუშაო გარემო, ჰონორარი და ცუდი ურთიერთობა სარა ჯესიკა პარკერთან.
როდესაც And Just Like That დაანონსდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ეკრანებს მხოლოდ სამი პერსონაჟი -ქერი, მირანდა და შარლოტი დაუბრუნდებოდნენ, სამანტა ჯონსი კი, ისტორიის მიღმა სწორედ კიმ კეტრელის მონაწილეობაზე უარის შედეგად დარჩა. როგორც ჩანს, HBO-მ მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის როლზე ახალი მსახიობი არ შემოეყვანათ და ძალისხმევა კიმ კეტრელთან მოლაპარაკებებისაკენ მიემართათ. საბოლოოდ, მეორე სეზონის დაწყებამდე მედიაში გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ კიმი ეპიზოდური როლით ბრუნდებოდა.
მაშინვე ცხადი იყო, რომ კიმ კეტრელი პროდიუსერებს თავის მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებდა და ამ მოთხოვნებს შორის აუცილებლად იქნებოდა საკმაოდ დიდი ჰონორარი. ამჟამად პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ HBO-მ კეტრელს 74-წამიან სცენაში მონაწილეობისათვის მილიონი დოლარი გადაუხადა. ინფორმაცია არც HBO-ს და არც მსახიობის წარმომადგენელს არ დაუდასტურებიათ.
ამჟამად მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა სამანტა ჯონსი სერიალის მესამე სეზონში, რომელიც HBO-მ უკვე დაამტკიცა. კიმ კეტრელის შესაძლო სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სერიალის შემქმნელებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.