Prada Group-მა Versace შეიძინა. ამ დრომდე მოდის სახლს Capri Holdings-ფლობდა. კომპანიებმა 10 აპრილს განაცხადეს, რომ გარიგების ღირებულება 1.25 მილიარდ ევროს შეადგენს და ის საბოლოოდ დამტკიცების პროცესშია.
„მოხარული ვართ, რომ Versace-ს Prada Group-ის ოჯახს უერთდება და ახალ თავს ვწერთ ბრენდისთვის, რომელსაც ჩვენთან საერთო ღირებულებები აქვს,” – განაცხადა Prada Group-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიციო ბერტელიმ. „ჩვენ ვგეგმავთ Versace-ს მემკვიდრეობის გაგრძელებას და მისი თამამი, მარადიული ესთეტიკის ახლებურ ინტერპრეტაციას. ამავდროულად, ბრენდს მივცემთ მყარ საფუძველს, რომელიც ჩვენს მრავალწლიან ინვესტიციებზე და დარგის ლიდერებთან არსებულ ძლიერ თანამშრომლობებზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, რომ Versace-ს ისტორიაში ახალი თავი დაიწეროს,” – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ Versace-ში მოსალოდნელი დიდი ცვლილებების შესახებ სიახლეები უკვე გასული წლის შემოდგომიდან ვრცელდება, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრენდის ამჟამინდელი მფლობელი კომპანიის, Capri Holdings-ის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. Capri Holdings ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Michael Kors და JIMMY CHOO. კომპანიისთვის კომერციულად ყველაზე წარმატებული ბრენდია Michael Kors. სწორედ Michael Kors-ის გაძლიერებისთვის და ბრენდში დამატებითი ინვესტიციისთვის, Capri Holdings-მა მზადყოფნა გამოთქვა Versace გაეყიდა.
Versace ახალი კრეატიული ხელმძღვანელით შეუერთდება Prada-ს. 13 მარტს ბრენდმა გამოაცხადა, რომ დონატელა ვერსაჩე თითქმის 30 წლის შემდეგ დატოვებს დიზაინერის პოზიციას და ახალ როლში, როგორც მთავარი ბრენდის ელჩი, გააგრძელებს მუშაობას. დონატელამ ბრენდი 1997 წელს ძმის – ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა მმართველობა. დონატელა ვერსაჩეს კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციაზე დარიო ვიტალე შეცვლის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ პოზიციას ვერსაჩეს ოჯახია წევრი აღარ დაიკავებს. ვიტალე Prada-სთან დაკავშირებულ ბრენდში – Miu Miu-ში მუშაობდა. prêt-à-porter ხაზის დიზაინერი და ბრენდის იმიჯის ხელმძღვანელი იყო.
Capri-სა და Versace-ს გზების გაყოფის ფონზე Prada-სთვის ახალი ეტაპი იწყება. ანალიტიკოსების შეფასებით, Versace-ს ნამდვილად სჭირდება ახალი სიცოცხლე. რეპორტებში ხაზგასმით აღნიშნა Versace-ს ძირითადი საჭიროებები: უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვა და არსებული, მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისა და ამბიციური მომხმარებლების დაინტერესება.