ოსკარების დაჯილდოებაზე, როდესაც ფლორენს პიუ და ენდრიუ გარფილდი სცენაზე ერთად გამოჩნდნენ ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულის გამოსაცხადებლად, სოციალური ქსელი Twitter აფეთქდა. გულშემატკივრები მსახიობებს შორის ქიმიაზე საუბარს არ წყვეტდნენ და ჰოლივუდისგან “ითხოვდნენ”, რომ მათ რომანტიკულ ფილმში ერთად ეთამაშათ.

როგორც აღმოჩნდა, ფანებს ბევრი ლოდინი არ მოუწევთ; დიდი საღამოდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, Deadline-მა სასიამოვნო სიახლე გაავრცელა, რომ ფლორენსი და ენდრიუ, შესაძლოა, ეკრანებზე მართლაც ვიხილოთ ერთად. 

როგორც აღმოჩნდა, ისინი ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში არიან მთავარ როლებზე ფილმისთვის “We Live in Time”, რომელიც რომანტიკული კომედიის ჟანრისაა. ფილმის რეჟისორი ჯონ კროული იქნება. კროულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “ბრუკლინია”, რომლისთვისაც რეჟისორმა BAFTA მიიღო.