რთულია ზუსტი დრო დავასახელოთ,თუ როდის გახდა დიზაინერის პროფესია იმდენად მრავალფეროვანი, რომ დღესდღეობით, გვიჭირს განვმარტოთ კონკრეტულად რას მოიცავს მათი საქმე, თუმცა ერთი რამ ცხადია – ყველა ეპოქაში, დიზაინერები განსხვავებული გამოწვევების და ვალდებულებების წინაშე იდგნენ, რაც განაპირობებდა არა მხოლოდ მათ დამოკიდებულებას მოდისადმი, არამედ პრიორიტეტებს საქმიანობაში. წარმატებული თანამედროვე დიზაინერის კარიერა სცდება ატელიეს და პოდიუმს. ხშირ შემთხვევაში, ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ბიზნესთან დაკავშირებულ შეხვედრებზე, ვიდრე საკერავ მანქანებთან. დღეს მათი სახელი გვხვდება არა მხოლოდ ძვირადღირებულ სამოსზე, არამედ ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე, როგორებიცაა ტექნიკა, ავტომობილებიც კი.

ახალგაზრდა დიზაინერებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ მოდა, ისინი მრავალმილიონიანი ბიზნესის სათავეში მოხვედრაზე ოცნებობენ, მათი მიზნები მხოლოდ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემოსვის გარშემო აღარ ტრიალებს. დღესდღეობით, ეს ყველაფერი იმდენად გავრცელებული და ნორმალიზებულია, რომ თუ დიზაინერი თავის დროის მნიშვნელოვან ნაწილს ესკიზების ხატვაში და კოლექციის შექმნაში იყენებს, მას ძველმოდურს ვუწოდებთ. თუმცა ბიზნესმენი დიზაინერების ფენომენი 21-ე საუკუნის მონაპოვარი ნამდვილად არ არის. გასულ საუკუნეში, არსებობდა კაცი ფუტურისტული ხედვით, ბრწყინვალე დიზაინერი, რომელიც არ იყო მხოლოდ მოდის დიზაინერი.

Pierre Cardin, 1958

პიერ კარდენი 1922 წლის 2 ივლისს ტრევისოში, იტალიაში დაიბადა. კარდენი ფინანსურად საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო. მისი ფრანგი მშობლები მეღვინეობას ეწეოდნენ. მეღვინე მამას სურდა, რომ პიერი არქიტექტორი გამხდარიყო, თუმცა კარდენმა დიზაინისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან გამოავლინა. 8 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი კაბა მეზობლის ქალიშვილს შეუკერა. მას შემდეგ, მშობლებისთვისაც ცხადი გახდა, თუ რომელ სფეროს დაუკავშირებდა მათი ვაჟი ცხოვრებას.

კარდენების ოჯახი მშობლიურ საფრანგეთს 1926 წელს დაუბრუნდა. 1936 წელს, პიერი საფრანგეთში,  ქალაქ ვიშიში ცნობილ მკერავს მიებარა, სადაც მკერვალობის ხელოვნებას საფუძვლიანად დაეუფლა. კარდენმა ისწავლა იდეალური კოსტიუმის შეკერვის ხრიკი, რაც მისი საერთაშორისო კარიერის დასაწყისი გახდა. თუმცა, სანამ “House of Cardin” დამოუკიდებელი ბრენდი გახდებოდა, მას წინ კიდევ რამდენიმე წლიანი დაუღალავი შრომა ელოდა. ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი უკვე შემდგარ მოდის სახლებში მუშაობდა, მის პორტფოლიოში შეხვდებოდით სტაჟირებებს Paquin-ში, Schiaparelli-სა და Dior-ში. დიორთან მუშაობამ კარდენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან იგი მონაწილეობდა დიორის ლეგენდარული „ახალი ლუქის“ შექმნაში.მეტიც, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, პარიზში ვრცელდებოდა ხმები, რომ დიორის შემცვლელი სწორედ პიერ კარდენი გახდებოდა. ჭორები არ გამართლდა, კარდენი წამოვიდა დიორიდან და Marcel Escoffier-ის მხარდაჭერით, საკუთარი ხაზის შექმნა დაიწყო.

The Beatles პიერ კარდენის სამოსში, 1963.

ის ევროპულმა მოდის სამყარომ გაიცნო, როგორც ტრადიციული გაგებით, პირველი კუტიურიე, რომელმაც ყურადღება მამაკაცის კოსტიუმებზე მუშაობით მიიქცია. საკუთარი ბრენდის დაარსებიდან მხოლოდ 3 წელში, პიერ კარდენის კოსტიუმები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახალგაზრდა დიზაინერმა, პარიზში, რამდენიმე სართულიანი შენობის შეძენა და საკუთარი სამუშაო სივრცის მოწყობა შეძლო. რაც უფრო იზრდებოდა კლიენტების რაოდენობა და კომერციული წარმატება, პიერის ამბიციებიც იმატებდა. ის მიხვდა, რომ მოდის რუკაზე კოსტიუმებით პოზიციონირება მისთვის შეზღუდვა იყო და საკუთარი თავი ახალი გზით უნდა წარედგინა. ეს პიერ კარდენის ერთგვარი რებრენდინგი გახლდათ, რომელიც 1957 წელს, 120 ლუქიანი კოლექციით დაგვირგვინდა. კოლექცია აერთიანებდა ბევრ განსხვავებულ სამოსს, არა მხოლოდ კოსტიუმებს. ჩვენების შემდეგ, პარიზის მაღალი მოდის საბჭომ კარდენი ოტ კუტიურ კალენდარში მიიღო, რაც Pierre Cardin-ის დიდებულ კარიერაში ახალი თავის დასაწყისი გახდა.

Pierre Cardin, 1969.

მან ოტ კუტიურში შეიტანა ავანგარდული ხედვა, რაც გეომეტრიული ფორმებით, უნისექს სამოსითა და მუდმივი ექსპერიმენტებით მოახერხა. მისი თანამედროვეების, დიორის, ბალენსიაგას, თუ სან ლორანის შემოქმედებისგან განსხვავებით, პიერ კარდენის ტანსაცმელი უფრო მეტად ერგებოდა ყოველდღიურობას. ამასთან, მისი ხედვა, სხვებთან შედარებით, უფრო ფუტურისტული იყო. ცნობილი ფაქტია, რომ კარდენი მომავლის სამყაროთი და კოსმოსით იყო შეპყრობილი.

“სამოსს, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ, იმ ცხოვრებისთვის ვქმნი, რომელსაც ჯერ არ უარსებია – ხვალინდელი სამყაროსთვის“, ამბობდა ის.

Pierre Cardin, 1967.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი მოდაში მისი მოღვაწეობის პერიოდი ემთხვევა უდიდეს მსოფლიო მოვლენას კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანები მთვარეზე პირველად აღმოჩნდნენ. ეს კოსმოსური ეპოქის დასაწყისი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მოდა ყოველთვის პასუხობდა იმას, რაც რეალურ სამყაროში ხდებოდა, კოსმოსურ ეპოქას მოდაში შეღწევის გარეშე არ ჩაუვლია. კოსმოსური ეპოქის პიონერ დიზაინერად კი, მოდას სწორედ მომავლის შეცნობით შეპყრობილი პიერ კარდენი მოევლინა. 1969 წელს კარდენმა NASA-სთან ითანამშრომლა და კოსმოსური უნიფორმა შექმნა. ის აქტიურად იკვლევდა მომავლის ლუქებს, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სამყარო წლების შემდეგ. ცდილობდა შეექმნა კოლექცია, რომელიც ხვალინდელ სამყაროს შემოსავდა. სწორედ ამ აზრით მივიდა უნისექს სამოსის იდეამდე, რომელიც დღეს ასეთი აქტუალურია.

Pierre Cardin, 1970.

მიუხედავად მომავლისადმი მისი ობსესიისა, კარდენს არასდროს დაუკარგავს რეალობის შეგრძნება, რაც მისი წარმატების სიმყარის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. 1960-იან წლებში, ის ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც ბრენდში ტანსაცმლის რამდენიმე განსხვავებული ხაზი, სტილი და ესთეტიკა ჩამოაყალიბა, იმის მიხედვით, თუ რომელი ბაზრისთვის იყო კოლექცია განკუთვნილი. შედეგად, მის კოლექციებზე მოთხოვნა ევროპის კონტინენტს გასცდა და ძალიან მალე Pierre Cardin გლობალური ფენომენი გახდა.

Pierre Cardin მოსკოვში, 1991.

1970 წლისთვის, კარდენს უკვე კარგად იცნობდნენ ამერიკაში და აზიაშიც, ის გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც მოსკოვში, ცნობილ წითელ მოედანზე, ჩვენება გამართა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 1950-1970-იან წლებში, არც ერთი სხვა დიზაინერი არ იყო უფრო საერთაშორისო, ვიდრე პიერ კარდენი. ის ბრენდს აღიქვამდა, როგორც ბიზნესს, რომლის შესახებ უნდა სცოდნოდათ განვითარებული მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან წერტილში და არა მხოლოდ ელიტური მაღალი მოდის ევროპულ წრეებში. 20 წელში, პიერმა მოახერხა გამხდარიყო მოდის ბიზნესის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, პიონერი, ნოვატორი, დიზაინერი, რომლის ნამუშევრები ნახევარი საუკუნის შემდეგაც შთააგონებს ახალ თაობას, მაგრამ მოდა მისთვის საკმარისი არასდროს ყოფილა.

Pierre Cardin, 2008.

„მოდა ჩემთვის საკმარისი არ არის, მე არ ვიქნები მხოლოდ მოდის დიზაინერი“, უთხრა ამერიკელ ჟურნალისტს, ეუგენია შეფარდს პიერ კარდენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

არც არასდროს ყოფილა. მან მუშაობა დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით ლიცენზიების მიღებაზე, რაც წარმატებით განახორციელა და შედეგად, 1970-იანი წლების მიწურულს, მისი სახელი უკვე არა მხოლოდ Ready To Wear და Haute Couture სამოსზე იყო წარმოდგენილი, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებზეც. კარდენის იმპერიამ გააერთიანა ძვირადღირებული სამოსი, ტექნოლოგიები, ყავის ფინჯანი, საფერფლე, ავტომობილებიც კი. რაც ყველაზე მთავარია, ის ბიზნეს ლიდერად და შემოქმედებით დირექტორად მაშინ მოგვევლინა, როდესაც კუტიურიების საქმე ატელიებს არ სცდებოდა. ეს დაახლოებით 15 წლით ადრე ხდებოდა, სანამ მოდაში ჯანი ვერსაჩეს რევოლუცია დაიწყებოდა, 20 წლით ადრე, სანამ ტომ ფორდი Gucci Group -ის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნებოდა. პიერ კარდენი მომავლის დიზაინერი იყო, რომელმაც მოდას წარუშლელი მემკვიდრეობა დაუტოვა და საფუძველი ჩაუყარა ბიზნესმენი დიზაინერების ფენომენს.