ტომი ჰილფიგერი x ზენდაია
თეატრ აპოლოს ისტორია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან იწყება. გზა საბანკეტო დარბაზიდან ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სცენამდე მარტივი არ ყოფილა. ბევრჯერ დაიხურა, ბევრჯერ გადაკეთდა, ბევრჯერაც განახლდა. ერთ დროს მკაცრად მხოლოდ თეთრკანიანთა გასართობი კულტურული ცენტრი, დღეს ყველაზე მეტად ასოცირდება აფრო-ამერიკულ შემოქმედებასთან. ამერიკის ტერიტორიაზე აპოლო იყო პირველი სცენა, რომელზეც შავკანიან არტისტებს მიეცათ საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. შედეგმაც არ დააყოვნა, ამ სივრცეში დაიწყეს კარიერა სტივი ვანდერმა, დაიანა როსმა, ელა ფიცჯერალდმა და სხვა არაერთმა ლეგენდარულმა შავკანიანმა მუსიკოსმა. სიმბოლურია, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 23 წლის აფრო-ამერიკელი ვარსკვლავი, ზენდაია ტომი ჰილფიგერთან თანამშრომლობით ჩვენებას სწორედ აპოლოს თეატრში აწყობს.
Tommy Hilfiger x Zendaya სეზონი #2, გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

„ეს არის ადგილი ისტორიით და სულით, საოცნებო ადგილია. ყოველთვის მინდოდა აქ მოსვლა და პატივისცემა იმ ადამიანების, რომლებმაც გზა გაგვიკვალეს.“ – ზენდაია.
ზენდაია ჩვენების დასასრულს – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

აფრო-ამერიკული კულტურის რიტმი და ენერგია პოდიუმზე კარგად იგრძნობოდა. ზენდაიას და ტომის პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, შოუ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იყო. ჯამში 59 მოდელი 70-იანების მოდით შთაგონებულ ლუქებში.



„როდესაც ზენდაიამ მითხრა, რომ სურდა 70-იანების სტილით შეგვექმნა კოლექცია, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ჩემი ერაა, მე 70-იანებიდან ვარ.“ – ტომი ჰილფიგერი.


ალეკ ვეკი ხურავს Tommy Hilfiger x Zendaya -ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას.

ტომი ჰილფიგერი ჩვენების დასასრულს – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

ზენდაიასთან თანამშრომლობამდე, ტომი ჰილფიგერი რამდენიმე სეზონი წარმატებულად მუშაობდა ჯიჯი ჰადიდთან. გუშინ ჯიჯი და ბელა ჰადიდები ტომის და ზენდაიას შოუს წინა რიგებიდან ადევნებდნენ თვალს.

ვიდეო:
ჯეისონ ვუ
ჯეისონ ვუ 2 სეზონით დააკლდა მოდის კვირეულების ჩვენებების ციკლს. დიზაინერმა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის და 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები კატალოგით წარადგინა. ისეთ სწრაფ ინდუსტრიაშიც კი, როგორიც მოდაა, 2 სეზონი არ არის იმდენად დიდი დრო, რომ არსებულ რეალობას მოწყდე, თუმცა ჯეისონმა ეს შეძლო. რთული გადასაწყვეტია ამ კოლექციაში სად გადის ზღვარი დიზაინერის გამბედაობას და უგუნერებას შორის. თავისი კოლეგების ამბიციური, მომენტს მორგებული განაცხადების ფონზე, წარადგინო ნამუშევარი, რომელიც არცერთ აქტუალურ თემას ეხმაურება და არც იმდენად ოსტატურად შესრულებულია, რომ შინაარსობრივი სიცარიელე ამოავსოს, უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ როგორც დიზაინერის ახალ ინტერვიუში ვკითხულობთ, მან გასული 1 წლის განმავლობაში იტალიის კურორტებზე კარგი დასვენება მოიწყო. ჩვენც უნდა ვიყოთ რეალისტები. არცერთი დიზაინერი, რომელსაც სურს, რომ მოდის თამაშის ცენტრში დარჩეს, ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, როგორიც ახლა ხდება, 1 წლით გაუჩინარებას არ გადაწყვეტს.
Jason Wu გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 8 სექტემბერი.




ჯეისონ ვუ თავისი ჩვენების დასასრულს – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

ადრიანა ლიმა ესწრებოდა ჯეისონ ვუს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას – ნიუ-იორკის მოდის კვირეული.

ვიდეო:
პრაბალ გურუნგი
შთააგონა თუ არა ამერიკული ვოგის 2018 წლის სექტემბრის ყდამ პრაბალ გურუნგის უახლესი კოლექცია? არ ვიცი, თუმცა პრაბალის გაზაფხული/ზაფხულის 2020 წლის თითქმის ყველაფრის ერთობაა, რაც ამერიკულ მოდასთან ასოცირდება: ჯინსი, კოვბოის ჩექმები, სპორტული ტანსაცმელი კლასიკურთან შერწყმაში, თუ ყვავილები. დიზაინერი ძალიან ეცადა, რომ ჩვენება ყოფილიყო თავისი სიყვარულის გამოძახილი იმ ქვეყნისადმი, სადაც არ დაბადებულა, თუმცა სახლი ნამდვილად იპოვა. პრაბალ გურუნგიც ემიგრანტია და ეს რა თქმა უნდა არის თემა, რომლის გარეშეც მის ახალ ჩვენებას არ ჩაუვლია.
Prabal Gurung – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.




პრაბალი პოლიტიკურად აქტიური დიზაინერია. ამერიკის 2016 წლის არჩევნებში, მარკ ჯეიკობსთან ერთად, გურუნგი ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო. ნეპალელი დიზაინერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 10 წლის წინ გამოჩნდა. გუშინ, თავისი საიუბილეო კოლექციის ფინალში მოდელები შარფებით გამოუშვა, რომელზეც ვკითხულობდით: „ვინ გახდება ამერიკელი?“



„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფესვები ჩემს ოჯახშია, ნეპალში, ეს ქვეყანა (ამერიკა) ჩემი სახლია. ამერიკაშია ჩემი გული.“ – პრაბალ გურუნგი.




პრაბალ გურუნგი თავისი ჩვენების დასასრულს – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

ვიდეო:
ტორი ბარჩი
სიმართლე უნდა ითქვას, პრინცესა დაიანას სტილით შთაგონებული კოლექცია შესაძლოა იყოს ერთ-ერთი უკანასკნელი რამ, რისი ხილვაც 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მსურს და ამის მიზეზი სულაც არ არის ის, რომ მის გემოვნებას, კულტურაზე უდიდეს გავლენას, ან საქმიანობას საკმარის პატივს არ ვცემ.
მოდაში დაიანას კულტი წლებია არსებობს, მაგრამ ბოლო დროს მისი პერსონით აკვიატებამ განსხვავებული ხასიათი მიიღო. პრინცესა დაიანა დიზაინერებისთვის, რედაქტორებისთვის და სტილისტებისთვის კომფორტის ზონად იქცა, რომლიდან გამოსვლაც არ სურთ. თუ ტორი ბარჩის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შთაგონების შესახებ წინასწარ მეცოდინებოდა, აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ისიც „გამოძვრომას“ შეეცდებოდა.
Tory Burch – გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.



ჩვენების დასრულების შემდეგ, ტორიმაც ინსპირაციად დაიანა დაასახელა, მაგრამ ჯერჯერობით ეს კოლექცია ნიუ-იორკში ჩემი ერთ-ერთი უდავო ფავორიტია. ალბათ იმიტომ რომ რეფერენსები ძალიან თვალშისაცემი არ არის და პირველივე შეხედვისას პრინცესა დაიანაზე არ მიმანიშნებს. მეტიც, ნიკოლა ჟესქიერის ლუი ვიტონის ხელწერა უფრო შესამჩნევია, ვიდრე პრინცესა დაიანა.


დიზაინერმა პარალელები მხოლოდ ტანსაცმელში არ გაავლო , უფრო სიღრმისეულად იფიქრა. ამით აიხსნება შოუზე ნატალია ვოდიანოვას გამოჩენა. სუპერმოდელმა ბარჩის გუშინდელი ჩვენება გახსნა. როგორც დიზაინერმა პრესასთან აღნიშნა, დაიანა აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში და თუ დღეს მოდაში რომელიმე სუპერმოდელი წარმოადგენს ქალს, რომელიც თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს ქველმოქმედებაში დებს, ეს – ნატალია ვოდიანოვაა.

ტორი ბარჩი თავისი ჩვენების დასასრულს, გაზაფხული/ზაფხული 2020 – ნიუ-იორკის მოდის კვირეული, 2019 წლის 8 სექტემბერი.

ვიდეო: