წელს კარლ ლაგერფელდის პიროვნება და შემოქმედება მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის თემაა. “კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი” ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც გერმანელი დიზაინერის ესკიზებზე ორიენტირდება. დამთვალიერებელს მისი მონახულება  მაისიდან 16 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ, თუმცა მანამდე მაისის პირველ ორშაბათს გამოფენის თემის გარშემო მოდის “ოსკარებად” წოდებული Met Gala ჩატარდება. იმავე დღეს მანჰეტენზე, 57-ე ქუჩაზე მდებარე Fendi-ს flagship მაღაზიის ვიტრინებიც ტრანსფორმირდება და კარლს მიეძღვნება, რომელიც იტალიურ მოდის სახლს შემოქმედებითად სიცოცხლის ბოლომდე, 54 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

10 მაისის ჩათვლით მაღაზიის ფასადზე შესაძლებელი იქნება დიზაინერის Fendi-სთვის 1966-დან 2018 წლამდე პერიოდში შექმნილი ესკიზების ხილვა. ისინი ნაჩვენები იქნება სამი სართულის ვიტრინებზე განთავსებულ ციფრულ ეკრანებზე. გარდა ამისა, ვიტრინებში სამ ნაწილად წარმოდგენილი იქნება კარლის Fendi-სთვის შექმნილი ready-to-wear და ოტ კუტიურ კოლექციებიდან შერჩეული 15 ლუქი.

ნიუ-იორკის Fuller Building-ში Fendi-მ მთავარი მაღაზია 2021 წელს გახსნა. მოდის სახლის კრეატიული დირექტორების – სილვია ვენტურინი ფენდის და კიმ ჯონსის კოლაბორაციის შედეგად, შენობაში, რომელიც თავდაპირველად სახელოვნებო გალერეების განსათავსებლად იყო გამიზნული, შეიქმნა სივრცე, რომელიც გალერეის კონცეფციაზე დაყრდნობით თანამედროვე სახით წარმოგვიდგება.