მაყურებელთა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა 2021 წლის ჰიტად ქცეული სერიალის, Squid Game-ის მეორე სეზონი ოფიციალური თიზერით დააანონსა. აღსანიშნავია, რომ სერიალის ახალ ეპიზოდებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ცნობილია, რომ სიუჟეტი კვლავაც Gi-hun-ის გარშემო გნვითარდება. თუმცა, ახალ სეზონში დიდი ყურადღება დაეთმობა “კალმარის თამაშის” ტურნირის იდუმალ წამყვანსაც. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირველი სეზონის ვარსკვლავის, კორეელი მოდელისა და მსახიობის – ჰოეიონის ჩართულობა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირი პირველ სეზონში მოკლეს, ჰოეიონს მაინც ვიხილავთ სერიალის სამსახიობო შემადგენლობაში. გავრცელებული ცნობებით, ის თავდაპირველი პერსონაჟის ტყუპის ცალ დას განასახიერებს.

Squid Game-ის მეორე სეზონის დაანონსებას, ნეტფლიქსის მიერ გამოქვეყნებულ თიზერთან ერთად, ღია წერილი მიუძღვნა სერიალის შემქმნელმა. “12 წელი დასჭირდა პროექტს, რომ განხორციელებულიყო და მხოლოდ 12 დღე იყო საჭირო, რომ “კალმარის თამაში” ნეტფლიქსზე ყველაზე ყურებადი სერიალი გამხდარიყო”- განაცხადა შოუს რეჟისორმა და სცენარისტმა. აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსზე სერიალს პირველ 28 დღეში 1,65 მილიარდმა ადამიანმა უყურა, რაც სტრიმინგ სერვისისათვის ისტორიული მაჩვენებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება მეორე სეზონს, პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.