Nensi Dojaka – მალე ამ სახელს ხშირად გაიგებთ, რადგან ის მოდის ამომავალი ვარსკვლავია.
ალბანეთში დაბადებული დიზაინერი 2021 წლის LVMH Prize-ის გამარჯვებულია, ახალი ბრენდებისა და დიზაინერების მხარდასაჭერი კონკურსის, რომელსაც მსოფლიოში მოდის უმსხვილესი კონგლომერატი LVMH ყოველწლიურად ატარებს. წლევანდელი პრიზის მფლობელი ექვსმა წამყვანმა დიზაინერმა – მარკ ჯეიკობსმა, ვირჯილ აბლომ, ჯონათან ანდერსონმა, მარია გრაცია კიურიმ, სტელა მაკარტნიმ, კიმ ჯონსმა – და Louis Vuitton-ის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა დელფინ არნომ, LVMH Fashion Group-ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სიდნი ტოლედანომ და ბერნარ არნოს მრჩეველმა ჟან-პოლ კლავერმა გამოავლინეს.
Nensi Dojaka გაზაფხული/ზაფხული 2022
ნენსიმ თავისი სახელობის ბრენდი 2017 წელს ლონდონის მოდის კოლეჯში სწავლისას შექმნა. 2019 წელს Central Saint Martins-ში მისმა დამამთავრებელმა კოლექციამ მსხვილი ონლაინ საცალო მოვაჭრის, Ssense-ს, ყურადღება მიიპრყო და ახალბედა დიზაინერის ნამუშევრები თავის პლატფორმაზე განათავსა. დოჯაკას თავისი ქმნილებები ლონდონში, Fashion East-ის შოუებზე გამოჰქონდა, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე კი თავისი პირველი სოლო ჩვენებაც გამართა.
Nensi Dojaka გაზაფხული/ზაფხული 2022
ნენსი დოჯაკამ შეძლო ის, რასაც ერთეულები ახერხებენ – მან კარიერის საწყის ეტაპზევე შექმნა საკუთარი კარგად ნაცნობი ხელწერა დიზაინში.
მისი შემოქმედება ოთხმოცდაათიანი წლების მინიმალიზმს ეხმიანება. ნენსი ქალის თეთრეულის დეტალების, სექსუალური ჭრების, ბრეტელების თავისებურად წარმოდგენით, არაფორმალური, ყოველდღიური სამოსის ელემენტებისა და გამჭირვალე ქსოვილების გაერთიანებით სენსუალურ და ადვილად საცნობ ესთეტიკას ქმნის.
თავის პირველ სოლო ჩვენებაზე დიზაინერმა სიახლეებიც შეიტანა, მათ შორის იყო ყვავილებისა და გულის ფორმის მოტივები და ძირითად შავ ფერთან ერთად გამოყენებული ხორცისფერისა და ვარდისფერის სხვადასხვა ტონალობები. მისი კოლექციის კიდევ ერთი დანამატი თეილორინგია. ნენსის აქვს ხედვა და ის მკაფიო, თანაც მიმზიდველია.
Nensi Dojaka გაზაფხული/ზაფხული 2022