ფეხბურთი გულშემატკივარს შთამბეჭდავ და ამაღელვებელ სანახაობას სჩუქნის. თავისი ვარსკვლავებით, მასშტაბითა და გავლენით, ფეხბურთი, როგორც მოვლენა, დიდი ხანია გასცდა სპორტის სახეობის სტატუსს და პოპ კულტურის ნაწილად იქცა. სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ფეხბურთსა და მოდას შორის მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდა. სხვადასხვა დროს, სპორტსმენები ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანზე, მონაწილეობდნენ მოდის სახლების კამპანიებში, იყვნენ ბრენდების ამბასადორები და ასე შემდეგ.

18 დეკემბერს, სპორტული სამყაროსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი თვე დასრულდა. კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. მოდასა და ფეხბურთს შორის კავშირი ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა – ოქროს თასის ქეისის დიზაინზე Louis Vuitton-მა იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფრანგულმა მოდის სახლმა FIFA-სთან ითანამშრომლა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოსათვის ქეისი Louis Vuitton-მა უკვე მეოთხედ შექმნა. ქეისის ზედაპირი ტიტანის არის და მისი თითოეული დეტალი ხელნაკეთია. Louis Vuitton-ის ხელწერის გათვალისწინებით, ოქროს თასისათვის სპეციალურად შექმნილ სათავსოზეც ბრენდისათვის დამახასიათებელი ლოგოებია ამოტვიფრული.

საგულისხმოა, რომ სხვა მოდის სახლებთან შედარებით, Louis Vuitton სპორტის სახეობებისადმი კიდევ უფრო განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მაგალითისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 2021 წელს ბრენდის კამპანიის სახე იაპონელი ჩოგბურთელი, ნაომი ოსაკა გახდა. სწორედ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ კი, Louis Vuitton-მა თავისი ხმაურიანი კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც თანამედროვე ფეხბურთის ორი ლეგენდა – მესი და რონალდუ მონაწილეობენ. „გამარჯვება გონების მდგომარეობაა“ – სწორედ ამ სიტყვებით წარადგინა ფრანგული მოდის სახლმა კამპანია, რომელზეც ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა იმუშავა.