Morphe, ბრენდი, რომელიც 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, შტატებში ყველა მაღაზიას ხურავს. როგორც BOF იუწყება, Forma Brands-მა, მორფის მფლობელმა კომპანიამ, გადაწყვეტილება ფინანსების ეკონომიისთვის მიიღო.
სოციალური ქსელებისა და Beauty ინფლუენსერების ერაში, მორფი სილამაზის ინდუსტრიის ლიდერი გახდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიაში დიდი კრიზისი დაიწყო. ხუთშაბათის მონაცემებით, მორფის ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 20 მაღაზია ფუნქციონირებს.
Beauty ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ (ჯეფრი სტარი და ჯეიმს ჩარლზი) მორფის 2019 წელს 400 მილიონიანი შემოსავალი მოუტანა, თუმცა 2020 და 2021 წლებში, ბრენდმა მათთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, მას შემდეგ რაც ჯეიმს ჩარლზს სექსუალური შევიწროების ბრალდებები წაუყენეს, ხოლო ჯეფრი სტარს რასისტული ენის გამოყენება დასდეს ბრალად. შედეგად, ბრენდმა უდიდესი ზარალი განიცადა, გაუყიდავი ნივთები კი, საწყობებში დარჩა. ამის შემდეგ, მორფიმ პოპ ვარსკვლავ არიანა გრანდესთან სცადა კოლაბორაცია, თუმცა გაყიდვებმა მოლოდინი არ გაამართლა. მხოლოდ 2021 წელს ბრენდმა 20%-იანი, ხოლო 2022 წელს, 66%-იანი ვარდნა განიცადა.
WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ოქტომბერს, მორფი გაკოტრებას განიხილავდა, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.
Forma Brands ამ დროისთვის ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.