Prada Group-ის შემადგენლობაში არსებული ორი ბრენდის კოლაბორაციამ მოდის მრავალი ენთუზიასტი გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო. Miu Miu-მ და Church’s-მა ფეხსაცმელების ერთობლივად შექმნილი ორი ახალი დიზაინის გამოშვება დაანონსეს. მოდელების შეძენა, რომლებშიც ხანგრძლივი ისტორიის მქონე ბრენდის ფორმალურობა თავისუფალ სულისკვეთებას ერწყმის, 29 აგვისტოდან Miu Miu ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი, მოდის სახლის ფიზიკურ მაღაზიებში კი 6 სექტემბრიდან გამოჩნდება.

© Miu Miu

Church’s-ის ისტორიის ათვლის წერტილად შესაძლოა 1617 წელი იყოს მიჩნეული, თუმცა Church & Co ოფიციალურად 1873 წელს დაარსდა. ბრენდი სპეციალიზდება “ინგლისური” ფეხსაცმელების შექმნაში, რომლებიც კვლავ ნორთჰემპტონის ისტორიულ ქარხანაში იწარმოება. ხელით დამზადებული ფეხსაცმელები მუდმივად სასურველი სტილისა და უმაღლესი ხარისხის დამსახურებით თავის სტატუსს თანამედროვე დროშიც არ კარგავს.

Miu Miu-სთან კოლაბორაციის შედეგად, Church’s-ის ტყავის კლასიკურ ბროგებს და ორმაგი სამაგრის მქონე მონკის სტილის ფეხსაცმელებს მომრგვალებული ფორმა აქვს, მეტად ფართოა და მათ შესაქმნელად ტყავის ნაცვლად უფრო სპორტული რეზინის ძირებია გამოყენებული. გარდა ამისა, ფეხსაცმელების ენაზე წარმოდგენილია Miu Miu-ს ლოგო. ისინი შემოთავაზებულია შავსა და ყავისფერში.

© Miu Miu

კოლექციის სარეკლამო კამპანიაში, Rejoice Chuol და Annabelle Weatherly ფოტოგრაფ Lengua-ს წინაშე, Miu Miu-ს არქივული ქსოვილებით დაფარულ სავარძელზე პოზირებენ. გადაღებაზე სტილისტად ლოტა ვოლკოვამ იმუშავა. გავრცელებულ კადრებზე მოდელებს Miu Miu x Church’s-ის ფეხსაცმელები, Miu Miu-ს 2023 წლის ტანსაცმლის კოლექციასთან ერთად აცვიათ, რომლის ჩვენებაც მარტის თვეში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

© Miu Miu