გუშინ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის სამოსის კოლექციები წარადგინეს ფენდიმ და ჯორჯო არმანიმ, რითაც მილანის მოდის კვირეული დასრულდა.

სილვია ფენდის შთაგონება ამ სეზონზე მისი ყოველდღიურობიდან გამომდინარეობდა – სილვია მებაღეობით არის დაკავებული. კოლექციაც მებაღეების სამოსით იყო შთაგონებული. დომინირებდა ხაკისფერი, ფედორა და დენიმი. კოლექციაში დასამახსოვრებელი დეტალები არ შეიჩმნევა, თუმცა სამოსი სასურველი და ჩაცმადია.

Backstage at Fendi Men’s Spring 2020

კოლექციაში ბრენდის იკონოგრაფიასთან ერთად განსაკუთრებით ჭარბობდა აქსესუარებიც: სათვალეები და ჩანთები.

აღსანიშნავია, რომ ეს ფენდის მამაკაცის სამოსის პირველი ჩვენებაა კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ.

ფენდის ახალი კოლექცია ერთგვარი ესკაპიზმის გამოვლინებაა თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყაროსგან. ამაზე ჩვენების საუნდტრეკიც მიუთითებს, რომელსაც “Back to Basics” ჰქვია. ფენდის ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის უკეთ გამოხატვაში რეჟისორი, ლუკა გუადანინო დაეხმარა, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა ფილმმა “შენი სახელით მომმართე” მოუტანა. გუადანინომ ფენდისთვის ყვავილების პრინტები და გრაფიკები შექმნა.

ჯორჯო არმანი ჩვენების ჩასატარებლად მილანის ცენტრში მდებარე
Palazzo Orsini-ს დაუბრუნდა. შენობა მან 1996 წელს შეიძინა. კოლექცია მშვენიერი მაგალითია იმის, რაც ჯორჯო არმანს ყველაზე უკეთ ეხერხება – კლასიკური, ელეგანტური და “casual” სამოსის მიქსი.