თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ბოლოდროინდელ მოვლენებზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 30 აპრილს, წარმატებულმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ საკუთარი ინსტაგრამით საკმაოდ მძიმე ბრალდებები გააჟღერა, რაც დაკავშირებული იყო თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე მოდელების შრომითი უფლებების უგულებელყოფასთან.

„ყველა წამოჭრილი პრობლემა და საკითხი განხილული უნდა იყოს კომუნიკაციის სხვა ფორმატსა და ჭრილში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მოდელებზე პასუხისმგებელ სააგენტოს და დამქირავებელ დიზაინერს შორის. კერძოდ რა პირობებით და რა მოთხოვნებით (ჰონორარი, კვება, ტრანსპორტირება, სამუშაო გრაფიკი და ა.შ.) იმუშავებს მოდელი მოდის კვირეულსა თუ სხვა ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, მოდელები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან დიზაინერებთან და სამოდელო სააგენტოებთან, შესაბამისად გამოვლინდა გარკვეული ტიპის ხარვეზები, რაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა სამუშაო პროცესში.

ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მზად ვართ ხელი შევუწყოთ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ჩვენს ბიზნესში, მათ შორის შრომითი უფლებების და უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვითვალისწინებთ კრიტიკულ მოსაზრებებს და ამ ყოველივეს გამოვიყენებთ ამ სფეროს განვითარებისათვის და გავაგრძელებთ ქართული მოდის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.“ ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

გასული წლის ნოემბერში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული პირველად ჩატარდა ციფრულად. რიგით მეორე ციფრული მოდის კვირეული 6-9 მაისს იგეგმება.