მხარდაჭერა, თანადგომა, სოლიდარობა… ეს სიტყვები, თითქოს, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, იშვიათად ვუფიქრდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამივე მათგანი.  უამრავ საქმესა და საზრუნავში, ხანდახან, რთულია გამონახო მომენტი, რათა აიღო პაუზა, მიმოიხედო და მადლიერება გამოხატო ადამიანების მიმართ, რომლებიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად, გვეხმარებიან გადავლახოთ ცხოვრებისეული ბარიერები, მივაღწიოთ მცირე თუ დიდ მიზნებს. სწორედ მადლიერების გამოსახატად ქალების მიმართ, სიმბოლურად ქალთა საერთაშორისო დღისთვის, “მერაკის” გუნდმა შექმნა ვიდეო, რომელშიც ლაკონურად გადმოსცეს სიყვარული და დაფასება საკუთარი მომხმარებლებისა და მხარდამჭერების მიმართ. “ვიდეოთი მინდოდა გადმომეცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა, თუ რამხელა გავლენა აქვს ჩვენს მინიმალურ ძალისხმევასაც კი, სხვა ადამიანების ცხოვრებაში,” აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბრენდის დამფუძნებელმა ანუკა გვენცაძემ.  

მერაკის” ისტორიაში თანადგომას და მხარდაჭერას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, როგორც ანუკა გვიყვება, რომ არა გარშემომყოფების რწმენა ბრენდის წარმატებაში, “მერაკი” დღეს არ იქნებოდა იქ, სადაც არის. 

“მერაკი” პირველივე დღიდან დგას იმ ღირებულებებზე, რომლებიც ბრენდში ანუკამ უდიდესი სიყვარულით ჩააქსოვა. უპირველესი ღირებულებები ერთმანეთის გაძლიერება და თანადგომაა, რასაც “მერაკი” არა მხოლოდ გასცემს, არამედ იღებს კიდევაც.  “ბრენდის შენებაში თანადგომას უდიდესი წილი მიუძღვის,” ამბობს ანუკა, “ჩემი მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახის წევრებისგან, მომხმარებლებისგან.. ქალები, რომლებიც ჩემთვის შთაგონების წყარო იყვნენ, სჯეროდათ ჩემი და ჩემი ბრენდის, სწორედ ისინი არიან ჩემი ძალა წინსვლისთვისა და სამომავლო მიზნების მიღწევისთვის.” 

ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე ანუკა ჩვენთან ჯერ კიდევ 2021 წელს საუბრობდა, როდესაც ბრენდის იდენტობას აღწერდა, “დღეს რომ მერაკი არსებობს იმ ქალების დამსახურებაა, რომლებიც წლების წინ იმისთვის იბრძოდნენ, რომ ქალს საკუთრების უფლება ჰქონოდა. თითოეული ჩვენგანის ისტორიაც ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ამაზე შეიძლება ვფიქრობდეთ. ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც, გამორჩეული, ჯადოსნური თვისება, რაც უნიკალურს გვხდის, რითაც ერთმანეთს ვაძლიერებთ,” აღნიშნა ჩვენთან დიალოგში ანუკამ 2 წლის წინ. 

მერაკის” 5 წლიანი ისტორიის შექმნაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქმეში არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ სულსა და გულს დებდნენ, რასაც საბოლოო პროდუქტზე უდიდესი გავლენა აქვს. ძალისხმევა იგრძნობა არა მხოლოდ ბრენდის მიერ წარმოებულ სამოსში, არამედ კამპანიებში, ფოტო და ვიდეო მასალაში, რომლებიც “მერაკისთვის” იქმნება. ანუკას თქმით, ის უსაზღვროდ მადლიერია, რადგან უწევს მუშაობა ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ საქმეს არა მხოლოდ პროფესიულ ჭრილში განიხილავენ, არამედ მათ “მერაკი” მთელი გულით უყვართ და ზრუნავენ მასზე. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მომხმარებლები გრძნობენ. როგორც ანუკა გვიზიარებს, “მერაკის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას პირადად უთხრა, რომ მის პროდუქტში იგრძნობა სითბო და სიყვარული, რომელიც იდება ბრენდის შექმნაში და ეს მისთვის ემოციური იყო. “არ არის მარტივი, შეიგრძნო ბევრი ემოცია, განსაკუთრებით სითბო და სიყვარული, როდესაც მაღაზიაში შედიხარ კაბის საყიდლად, თუმცა, თუ მე შევძელი და ემოციები ერთ ადამიანამდე მაინც მივიტანე, ესეიგი რაღაცას სწორად ვაკეთებ,” ამბობს ის.  

“მერაკის” ახალი, სარვამარტო ვიდეო, მორიგი პროდუქტია, რომელშიც ავტორების მხრიდან ბრენდის მიმართ უდიდესი სიყვარული ჩანს. მარტივი, თუმცა მრავლისმთქმელი მოკლე მესიჯი, რომელიც ქალების დაფასებასა და მათით აღფრთოვანებას ისახავს მიზნად, ბრენდის მიერ ერთგვარი უკუკავშირია “მერაკის” გარშემო შეკრებილი ქალების მიმართ, რომლებიც ანუკას შთაგონებას ყოველდღიურად აძლევენ. “მსურს ვიდეოთი მადლობა გადავუხადო ქალებს, რომლებიც ახერხებენ იყვნენ დედები, შვილები, მეგობრები, თანამშრომლები, აქტივისტები… მაქსიმუმს დებენ ცხოვრების ყველა ასპექტში და ასწრებენ იყვნენ ყველგან და ყოველთვის. ამასთან, შეუძლიათ დაუჭირონ მხარი მათ, ვისაც ეს იმ მომენტში სჭირდებათ.” აღნიშნავს ანუკა. 

ვიდეოზე ანუკასთან ერთად ფოტოგრაფმა ანინა კაიდარაშვილმა და ვიდეოგრაფმა ირაკლი კურტანიძემ იმუშავეს. ვიდეოს შექმნის პროცესს ანუკა ჩვენთან საუბარში იხსენებს, “როდესაც ვიდეოზე მუშაობა დავიწყეთ, რამდენიმე ღამის გათენება მოგვიწია სცენარის წერაში, გადაღებაში, მონტაჟში.. ანინასგან და ირაკლისგან არც ერთი წამით არ მიგრძვნია დაღლა ან არამოტივირებული დამოკიდებულება, პირიქით, ხანდახან მე ვიღლებოდი და ისინი მაიძულებდნენ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა [იცინის]. ანინასთან ერთად “მერაკისთვის” უამრავი კამპანია თუ უბრალოდ გადაღება შევქმენით და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ის ჩემს გვერდითაა, იშვიათად თუ შევხვედრილვარ ადამიანს, რომელთანაც ხედვაც და გემოვნებაც აბსოლუტრად გვემთხვევა.” 

საბოლოოდ, შესაძლოა ითქვას, რომ “მერაკიმ” მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა, ჩვენი, ქალების გაძლიერება და, როგორც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, უბრალოდ მადლიერების გამოხატვა. რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ახლო ადამიანების მხრიდან მცირედი ძალისხმევაც კი, გვაძლევს ძალას განვაგრძოთ წინსვლა.