ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გავრცელებულ Coach-ის ვიდეორგოლში, რომელიც Coach TV-ს იდეის გარშემოა აწყობილი, Megan Thee Stallion საკულტო თინეიჯერული ფილმის Mean Girls-ის პერსონაჟის რეჯინა ჯორჯის პროტოტიპს ასახიერებს. ისევე, როგორც აღნიშნულ ფილმში, მეგანის პერსონაჟს სკოლის სხვა მოსწავლეები “აღმერთებენ”. ვიდეორგოლში სხვა სელებრითებიც მონაწილეობენ, მათ შორის არიან ჯენიფერ ლოპეზი, მაიკლ ბი ჯორდანი, ქოულ სფრაუსი და ა.შ. “ყოველთვის მომწონდა პოპ კულტურის კვეთა Coach-თან, ჩემი უახლესი ხედვის – Coach TV-ს გაზიარება ძალიან ამაღელვებელია. მინდოდა, რომ კოლექციას და ვიდეოს აზრი ნათლად გადმომეცა. ასეთ რთულ დროს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გასართობი და შთამაგონებელი კოლექციის ელემენტები კამპანიებში”- ამბობს სტუარტ ვივერსი, ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

მოდის სამყაროში მეგანის გარშემო საუბარი მხოლოდ Coach-ის კამპანიით არ შემოიფარგლება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ამერიკული Harpers Bazaar-ის ახალი ნომის ყდა მეგანის გამოსახულებით. უნდა ითქვას, რომ ინტერნეტ მომხმარებლები შეშფოთდნენ იმით, თუ რამდენად არასათანადოდ გადაიღო თეთრკანიანმა ფოტოგრაფმა მეგანი და როგორ ცუდად და მეგანის კანის ფერისთვის არაშესაბამისად გამოიყენა განათება. “ეს მიუღებელია,” წერს ერთ-ერთი ტვიტერის მომხმარებელი, “თეთრკანიანი ფოტოგრაფები განაგრძობენ აფროამერიკელი ქალების არასწორი რაკურსებითა და განათებით გადაღებას, მეგანის კანის ფერი სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ფოტოზე, ისწავლეთ აფროამერიკელი ქალების სწორად წარმოჩენა!”.

ფოტოგრაფმა, რომელმაც აღნიშნული ყდისთვის მეგანი გადაიღო, ინსტაგრამზე გამომწერებს გაუზიარა მეგანთან მუშაობის გამოცდილება და აღნიშნა, რომ მათ ერთად იმუშავეს ფოტოების დამუშავებაზე, რის გამოც ფოტოგრაფი გააკრიტიკეს. ამის შემდეგ, მან პოსტი წაშალა, თუმცა “სქრინები” ინტერნეტში კვლავ ცირკულირებს.