თიკო პაქსაშვლი ქართული მოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან საკუთარი ბრენდი – Tiko Paksa 2012 წელს დააფუძნა, რომლის ახალი კოლექციის ჩვენებაც დღეს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება ციფრულ ფორმატში 6 მაისს დაიწყო და ის ონლაინ პლატფორმა mbfwtbilisi.online-ზე მიმდინარეობს.
2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე თიკო პაქსას მინიმალისტური ესთეტიკა ახლებურ სახეს იძენს. ის ასიმეტირიულობას, სპორტული სამოსის ელემენტებს და მამაკაცის კლასიკური კოსტიუმის განსხვავებულ ვარიაციებს მოიცავს. შავში, ლაჟვარდისფერში, ბორდოსფერსა და ბეჟში გადაწყვეტილი ფერთა პალიტრა კი სამოსს მკაცრ შესახედაობას ანიჭებს, რომელსაც ინდივიდუალური მახასიათებლები გამოარჩევს.
Tiko Paksa შემოდგომა/ზამთარი 2021
© Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
Materiel: A Georgian Breakout Fashion Star – Forbes-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატიაა. ის გლობალურ საზოგადოებას ქართული ბრენდის ისტორიასა და განვითარებაზე აწვდის ინფორმაციას. მოდის სახლს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს, რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ის თიკო პაქსაშვილია, რომელმაც დიზაინერის ამპლუაში ახალი როლი გასულ წელს მოირგო და მას შემდეგ ორ ბრენდში აბალანსებს თავის შემოქმედებით ხედვას.