დადასტურებული ინფორმაციით, მარკო ბიზარი, რომელიც Gucci-ს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა, დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. Gucci-ს მფლობელმა კომპანია Kering-მა უკვე დაასახელა მისი შემცვლელის ვინაობაც – იტალიური მოდის სახლის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ბიზარის ჟან-ფრანსუა პალუ ჩაანაცვლებს.

“ჟან-ფრანსუა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩემი მარჯვენა ხელი და სპარინგ-პარტნიორი იყო. ახლა ის თავის ენერგიას ჩვენი უდიდესი აქტივის საუკეთესო ფორმაში მოყვანას მოახმარს,” – განაცხადა Kering-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ.

ჟან-ფრანსუა პალუ © Kering

მიმდინარე ცვლილებების ფარგლებში, ფრანჩესკა ბელეტინი, რომელიც 2013 წლიდან Yves Saint Laurent-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს, ახალ მოვალეობებს შეითავსებს. ის Kering-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დაწინაურდება და პასუხისმგებელი იქნება ბრენდის განვითარებაზე. ამ ახალ როლზე, Kering-ის მფლობელობაში არსებული თითოეული ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი ბელეტინის წინაშე იქნება პასუხისმგებელი.

ბიზარი Kering-ს და Gucci-ს 23 სექტემბერს დატოვებს, მას შემდეგ, რაც მილანში მოდის სახლის ჩვენება გაიმართება.