2024 წლის10 მარტს, რიგით 96-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. 23 იანვარს სრული ნომინაციების  შორთლისტი გამოქვეყნდა და ახლა უკვე საბოლოოდ ვიცით, თუ რომელ ფილმებს, თუ კინო ინდუსტრიაში მოღვაწე ფიგურებს აქვთ შანსი, რომ კინო სამყაროს მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის კინო ჰიტად აღიარებული ფილმის, Barbie-ის მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი ნომინაციების მიღმა დარჩა. საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში წარდგენილი არიან: ანეტ ბენინგი ფილმისთვის – Nyad, ლილი გლედსტოუნი ფილმისთვის – Killers of the Flower Moon, სანდრა ჰიულერი ფილმისთვის – Anatomy of a Fall, კერი მულიგანი ფილმისთვის Maestro და ემა სტოუნი ფილმისთვის – Poor Things.

გასათვალისწინებელია პროგნოზებიც, რომელიც დაჯილდოებას უსწრებს წინ. Golden Globe, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე იმართება,  ხშირად ოსკარების რეპეტიციის სახელით მოიხსენიება. წელს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ჯილდო ემა სტოუნმა მიიღო, რაც აჩენს ვარაუდს, რომ კინოაკადემიის რჩეულიც შესაძლოა ის გახდეს. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ემა სტოუნი 35 წლის ასაკში ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი გახდება. 

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წელს 10 ფილმია წარდგენილი: American Fiction, Anatomy of a Fall, Barbie, The Holdovers, Killers of the Flower, Moon, Maestro, Oppenheimer, Past Lives, Poor Things, The Zone of Interest.

რაც შეეხება საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციას, აქ 2023 წლის ერთ-ერთი რჩეული ფილმის, Oppenheimer-ის მთავარი როლის შემსრულებელ ვარსკვლავს, კილიან მერფის ვხედავთ, რომელიც დაჯილდოების პროგნოზების ერთ-ერთი რჩეული მსახიობია.

ოსკარის ცერემონიის დაჯილდოება პირდაპირ ეთერში ABC-ის საშუალებით გადაიცემა. 

იხილეთ ამერიკის კინოაკადემიის 96-ე დაჯილდოების საბოლოო ნომინანტთა სრული სია